მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-4 სათამაშო დღე დაძაბულობითა და დრამატიზმით აშკარად გამორჩეული გამოვიდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ როსარიოში მატჩების მიმდინარეობისას ისეთი ავდარი იყო, რომ არბიტრებმა უსაფრთხიების მიზნით ორივე სასტარტო მატჩი შეწყვიტეს და მხოლოდ მაშინ განაახლეს, როცა მეტეოროლოგებმა მეხის დაცემის საფრთხე გადასულად გამოაცხადეს.

შეწყვეტილ-გაგრძელებულ მატჩებში კი მეტად საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. ისედაც მოულოდნელობა იყო, რომ ახალი ზელანდია საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდა და მე-5-მე-8 ადგილებისთვის ბრძოლასღა შემორჩა, მაგრამ ვერც მანდ ივარგა და უელსელ თანატოლებთან 7:8 დამარცხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ბეიბი ბლექსი“ უკეთეს შემთხვევაში მე-7 ადგილს დაიკავებს. პარალელურად მიმდინარე მატჩში კი ქართველთა მომავალი მეტოქე ვლინდებოდა. მე-9-მე-12 ადგილებისთვის პირველ ნახევარფინალში იტალიელმა 20-წლამდელებმა ჩვენს მიერ უკვე ძლეული შოტლანდიელები 26:19 დაამარცხა. ამათ კი როსარიოს სტადიონის მწვანე არენა ისე აზილეს და აატალახიანეს, 15 წუთის შემდეგ იგივე მინდორზე გასულ ქართველებსა და ფიჯელებს გვარიანად შელახული გაზონი დაახვედრეს.

ჰოდა, მივადექით ჩვენი წერილის მთავარ თემას. ქართველმა 20-წლამდელებმა თანატოლი ფიჯელები უდაძაბულეს და უდრამატულეს რკენაში 12:8 დაამარცხეს და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. არადა მატჩის მსვლელობისას ამის იმედი და ალბათობა თანდათან მცირდებოდა. ახალგაზრა „მფრინავი ფიჯელები“ უკვე მერვე წუთზე დაწინაურდნენ, ისარგებლეს რა ქართველთა დაცვის შეცდომით და გაიტანეს ლელო, რომელიც საბედნიეროდ ვერ გარდასახეს. ამის მერე და მთელი მატჩის განმავლობაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მხოლოდ ქართველები უტევდნენ, მაგრამ 53-ე წუთზე ფიჯის ნაკრებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა და – 0:8.

ჩვენებმა დაწოლა უფრო მეტად გაზარდეს. კუნძულელები არნახული თავგანწირვით იცავდნენ თავს, თუმცა მორიგი შტურმის დროს მაინც გატყდნენ. მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ – იოანე იაშაღაშვილმა თანაგუნდელების ხანგრძლივი შეტევა ბრწყინვალედ დააგვირგვინა. ეს 61-ე წუთზე მოხდა. თედო აბჟანდაძემ უნაკლოდ გარდასახა და ფიჯელებს 7:8 მივუახლოვდით. დარჩენილი 19 წუთი ჩვენებმა ნამდვილ შტურმში გალიეს. ამასობაში ფიჯელებს კიდევ ერთი ბურჯი დაემტვრათ (მანამდე, პირველ ტაიმში ჩვენს შერკინებას მათი სხვა ბურჯი ემსხვერპლა), ამიტომ მათ მარქაფაში აღარ დარჩათ ამ ამპლუის მოთამაშე, ამდენად ისინი კაცნაკლულნი დარჩნენ, მაგრამ ერთიცაა, ამით ფიჯის ნაკრებმა თავისთვის დამღუპველი შერკინებები აიცილა თავიდან და ქართველებს მთავარი იარაღი გამოეცალათ ხელიდან. თუმცა ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა მეტოქე დერეფანშიც პირწმინდად დაჯაბნეს და როცა გადამწყვეტი შეტევა წამოიწყეს, ბურთმა 20 ფაზა მოთვალა, თან დროც „გაწითლდა“ და ამ 81-ე წუთზე ქანცგაცლილმა ფიჯელებმა ქართველების გააფრთებულ შეტევას ვეღარ გაუძლეს. მათ ლელოში მოლით შევარდნილი ქართველების 20-ფაზიანი შეტევა 19 წლის კვაჭმა ვანო კარკაძემ ბურთის დამიწებით დაასრულა – 12:8!

საქართველოს ნაკრებმა, როგორც ზემოთ ითქვა, მომავალი წლის ჩემპიონატის მონაწილეობა გაინაღდა და უფრო მეტიც, მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში სწორედ 2020 წლის პირველობის მასპინძელ იტალიელებს შეერკინება. ხოლო ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის ერთმანეთს ჩვენს მიერ ძლეული ფიჯელები და შოტანდიელები შეხვდებიან.