პეპ გვარდიოლას შეუძლია კიდევ ხუთი წლით დარჩეს „მანჩესტერ სიტიში” და ამ ხნის განმავლობაში 100 მილიონი გირვანქით გამდიდრდეს. კლუბი წლიური ხელფასის თხუთმეტიდან ოც მილიონ გირვანქამდე გაზრდას ჰპირდება.
კატალონიელ სუპერ-მწვრთნელს დღეს მოქმედი კონტრაქტის ვადა ორი წლის შემდეგ გასდის. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ სიტი” უეფას საფინანსო საქმეთა გამომძიებლებმა არასრულწლოვანი ფეხბურთელების დაბევება-გადაბირებაში გამოიჭირეს და დიდი შანსია სატრანსფერო საქმიანობა დროებით აუკრძალონ. და რაც უფრო მთავარია, უეფა „ქალაქელებს” ფინანსური ფეარ ფლეის დარღვევის გამო, ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთითაც ემუქრება. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ გვარდიოლამ თქვა, რომ „ეტიჰედიდან” არსად წავა.
შაბათს გვარდიოლამ „სიტის” ფეხბურთის ასოციაციის თასი მოაგებინა და მატჩის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე გულდასმით ილაპარაკა გუნდის სამომავლო გეგმებზე. ამდენად, თუკი „იუვენტუსი” მასიმილიანო ალეგრის წასვლის შემდეგ კატალონიელი მწვრთნელის მიწვევას აპირებდა, სავარაუდოდ გეგმის გადახედვა მოუწევს.
48 წლის გვარდიოლამ თქვა: „თუ „მანჩესტერ სიტის” ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდა, მე სიამოვნებით დავრჩები კიდევ ორი წლით. აქ მუშაობით კმაყოფილი ვარ და წასვლას არსად ვაპირებ”.
ვიმეორებთ, ეს მანამდე ითქვა, სანამ „სიტი” ხელფასის მომატებას და ხუთწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებდა.
პეპ გვარდიოლამ ყველაზე დიდხანს „ბარსელონაში” იმუშავა — 4 წელი, შემდეგ კი სამი წელიწადი „ბაიერნში” გაატარა.
შემდეგი სეზონი მწვრთნელისთვის „სიტიში” მეოთხე იქნება.