სად და სადაურებთან აღარ უთამაშიათ ჩვენს კოლეგებს მინი თუ დიდი ფეხბურთი, ხელოვნურ თუ ბუნებრივ საფარზე და,მოგვიტევეთ თუ ზუსტი სტატისტიკა არ გვიწარმოებია, სიტყვაზე უნდა გვენდოთ – მოგების წილი სხვა შედეგზე გაცილებით მეტი არის.
საქართველოს ნაკრებიც რომ ასევე სტაბილური წარმატებით თამაშობდეს, გვერწმუნეთ, აქამდე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი კარგა ხნის დაჭაშნიკებული იქნებოდა.
ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრებზე მოგახსენებთ, რომელმაც ამჯერად უკრაინაში, კერძოდ ოდესაში გამართულ ხუთივე მატჩში იმარჯვა და საერთაშორისო ტურნირის გამრჯვებული გახდა.
ჩვენმა ბიჭებმა თავიდან მოლდოველი, ლატვიელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები ერთნაირი ანგარიშით 1:0 დაამარცხეს, მათ გერმანელები მიაყოლეს, რომლებსაც 3:1 აჯობეს და ბოლოს მასპინძლებს 2:1 სძლიეს. დაგვეთანხმებით, შესაშური შედეგია.
ოდესაში ჩვენების შემადგენლობა ასეთი გახლდათ: გეგი კიკაბიძე, კოტე მიგინეიშვილი, მერაბ სიმონიშვილი (სამივე პირველი არხი), მირიან დედანაშვილი, დავით ფრანგიშვილი, (ორივე – რუსთავი2) ნიკა კბილაძე, გიორგი თოთლაძე (ელვა), უეფას მედია ოფიცერი და გუნდის უცვლელი კაპიტანი 1993 წლიდან მამუკა კვარაცხელია.
ორგანიზატორთა საგანგებო მიწვევით გუნდთან ერთად იყო ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კურატორი ოთო ფედეჩკინი.
სპორტულ ჟურნალისტთა მორიგ ტურნირს უკვე საქართველო უმასპინძლებს და გარწმუნებთ, ჩვენები აქაც ფავორიტები იქნებიან.
აუცილებლად სათქმელია, რომ ჩვენები ტრიბუნაზეც პირველები იყვნენ. საქართველოს ნაკრების მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა უკრაინაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა, რომელიც გუნდს გვერდიდან არ მოშორებია და ასევე თენგიზ პაჭკორიამ და გოგი თორაძემ, რომლებმაც ოდესის საფეხბურთო ბომონდს ქართული ფეხბურთის სიდიადე ალექსანდრე ჩივაძეძე გადაღებული ფილმით – „ფეხბურთის პროფესორი“ გაახსენეს.