ამირან სანაია ბევრს ემახსოვრება. 29 წლის მცველია და საქართველოს ნაკრებში ჯერ კიდევ 18 წლისამ ითამაშა. ეს იყო ყატარში, სადაც კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა 2:1 მოიგო ამხანაგურში.

სანაიამ ფრანგული კლუბები მოიარა და ახლაც საფრანგეთშია. „ლე მანი“, „ბასტია“, „ლუზენაკი“, „პარიზი“, „ლე ერბიე“ და ახლა უკვე „როდეზი“, რომელსაც კაპიტნობს კიდეც.

„როდეზი“ მესამედან მეორე ლიგაში გადავიდა. ქართველიც სულ თამაშობს, არადა, წინა წლებში ზედიზედ გადაიტანა ბევრი ოპერაცია. ალბათ სხვაგვარად წავიდოდა მისი კარიერა, 2014 წელს „ლუზენაკი“ რომ არ გაკოტრებულიყო.  გუნდი ლიგა 2–ში გადავიდა, თან გენერალური მდივანი მსოფლიო ჩემპიონი, მეკარე ფაბიენ ბარტეზი იყო.

ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა შეგეძლოს ნულიდან დაწყება. ტრავმები და მითუმეტეს ოპერაცია დამთრგუნველია, მაგრამ გაძლებაც უნდა. სანაიაც საქართველოს დროშით ზეიმობს საფრანგეთში.