წინა შაბათს, მამუკა გორგოძის „ტულონთან“ სტუმრობისას, „მონპელიეს“ ქართველმა მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო, რომელიც მას გარკვეული დროით რაგბს მიღმა დატოვებს. „მონპელიემ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (21:18) იზეიმა და საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი გაიუმჯობესა, თუმცა 2-მეტრიან ქართველს ამ წარმატებაში დამსახურება ნაკლებად მიუძღვის.
კოტე მე-6 წუთზევე დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა. საკლუბო ექიმებმა ნატკენ ბარძაყზე კვლევა ჩაუტარეს, დიაგნოზად კუნთის დაჭიმულობა თქვეს და მიქაუტაძეს ორ კვირიანი დასვენება-რეაბილიტაცია გამოუწერეს.
მეორე მონპელიელმა ბორჯღალოსანმა მიხეილ ნარიაშვილმა კი ორშაბათს მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.
შეხსენებისთვის: 28 წლის მარცხენა ბურჯმა გასული წლის ივნისში იგივე მუხლზე მენისკი ამოიჭრა და ამის გამო საქართველოს ნაკრების ზაფხულის ტესტები გააცდინა, მთელი ზაფხული რეაბილიტაციას დაუთმო და შემოდგომაზე ბორჯღალოსანთა შერკინების წინა ხაზზს ძველებურად ულიდერა. მეტიც, მიშა თავის ფრანგულ კლუბშიც უმაღლეს დონეზე ირჯებოდა და ეს გასაკვირი სულაც არაა – ნარიაშვილი ხომ პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი მარცხენა ბურჯია. მაგრამ ნაროს ნაოპერაციებმა მუხლმა შუა სეზონში უმტყუნა და ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ქირურგიული ჩარევა კვლავ დასჭირდა. საკლუბო მედიკოსთა თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ქართველი ბურჯი რაგბის თამაშს მაისის ბოლომდე ვერ შეძლებს.

მოგეხსენებათ 2019 წელი მსოფლიო თასის წელია და იმედს ვიტოვებთ, რომ ნარიაშვილი და მიქაუტაძე ტრავმებს სრულფასოვნად მოიშუშებენ და ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში იაპონიაში გასამართ ამ ტურნირს სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.