უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ბუნებრივია, თითოეული კლუბის წარმომადგენელმა აქო და ადიდა მომავალი მეტოქე – ყველაზე ცუდ ბედქვეშ აღმოვჩნდითო. წლიდან წლამდე და კენჭისყრიდან კენჭისყრამდე ეს ფრაზები ტრაფარეტულია და მხოლოდ კლუბების სახელები იცვლება. ოდნავ ღიმილისმომგვრელი სხვა რამ გახლდათ: წუწუნებდნენ ისინიც, ვინაც მერვედფინალური ეტაპი ბეწვის ხიდით გადაიარა და საპასუხო შეხვედრების წინ მეოთხედფინალური პერსპექტივის თავადაც რომ ნაკლებად ეჯერათ.
მივყვეთ წყვილებს და თან იმასაც მოგახსენებთ, წილისყრის შემდეგ ვისი შანსები რამდენად ფასობს. საყოველთაო აზრით, ლიგის ფავორიტი “სიტია”. გვარდიოლას ზედმეტად დაძაბვაც არ მოუწევს. “ტოტენჰემს” ის და მისი შეგირდები მოხარშულსაც ცნობენ. ცალკარას მოლიდინი ნაკლებია, მაგრამ წესით “სიტიმ” უმტკივნეულოდ უნდა გადალახოს ბარიერი. თანაც, ქალაქელები საპასუხო მატჩს შინ მართავენ.
“აიაქსმა” ერთი სასწაული უკვე მოახდინა და ვნახოთ, გასწვდება თუ არა ამ ბიჭების ენერგია და ემოცია თავდაჯერებულ “იუვენტუსს”. პირველი შეხვედრა ამსტერდამში გაიმართება და ამ წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში “სიტი”-“ტოტენჰემის” წყვილში უმჯობესს გადაეყრება.
“ბარსელონას” შანსებს ლიგის მოგებაზე სულაც მეოთხე ადგილზე აყენებენ. “სიტის” და “იუვენტუსის” გარდა, მათზე მეტად ლივერპულელთა აქციებიც ფასობს. თუმცა, მოგებამდე შორი გზაა და ჯერ ოლე გუნარ სულშერის ხელში მოფერიანებული “მანჩესტერია” დასაძლევი. იოლი იქნება? სულაც არა!
ერთი შეხედვით, სხვებზე მეტად “ლივერპულს” გაუმართლა, თუმცა, “პორტუს” არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ იოლად გადასაყლაპი ლუკმა არ არის. პირველ მატჩს ლივერპული მასპინძლობს, წყვილში უმჯობესი კი “ბარსა”-“მანჩესტერის” გამარჯვებულს დაელოდება.
მეოთხედფინალები 9-10 და 16-17 აპრილსაა დაგეგმილი, ნახევარფინალები 30 აპრილსა და პირველ მაისს და 7-8 მაისს. ფინალის მასპინძელი წელს 1 ივნისს მადრიდის “ატლეტიკოს” საშინაო არენა “მეტროპოლიტანო” იქნება.
წილი იყარა ჩემპიონთა ლიგის ნახევარძმა ევროპის ლიგის მეოთხედ და შემდგომი ფინალებისთვისაც. აი წყვილებიც: ნაპოლი – არსენალი; ვილიარეალი – ვალენსია; ბენფიკა – აინტრახტი; სლავია – ჩელსი. პირველი-მეორე და მესამე-მეოთხე წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან. მეითხედფინალები 11-18 აპრილს, ნახევარფინალები კი 2-9 მაისს გაიმართება. ფინალურ შეხვედრას 29 მაისს ბაქო მასპინძლობს.
