ორი გოლი და ორივე დამატებით დროში, ოღონდ აიმერიკ ლაპორტესი პირველი ტაიმის მიწურულს, ხოლო გაბრიელ ჟესუსისა მატჩის საფინალო სასტვენის წინ — „მანჩესტერ სიტიმ” „ევერტონს” სტუმრად 2:0 მოუგო, 3 ქულა ჩაიწერა და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. რასაკვირველია, „ქალაქელებს” „ლივერპულზე” ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ ყველა ლივერპულის შვიდქულიან დაწინაურებას ელოდა, რეალურად კი მოხდა ის, რომ დღეს ორივე გუნდს 62 ქულითაა.
მატჩის შემდეგ გაბრიელ ჟესუსი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ბრაზილიელი ფაქტობრივად ყვიროდა: „ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხრილის სათავეში მოვექეცით. ახლა ყოველ შეხვედრაში კარგად უნდა ვითამაშოთ. სეზონის ბოლოს ჩემპიონის ტიტული ჩვენი უნდა იყოს. საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნდა. ფაქტია, ბოლოხანს ორი დიდი თამაში მოვიგეთ, ერთი „არსენალთან” და მეორე „ევერტონთან”.
ჩინებულ ხასიათზე იყო „ქალაქელთა” თავკაცი პეპ გვარდიოლაც. მან თქვა:
„ცხრილის სათავეში ყოფნა კარგია, მაგრამ ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ. ოთხ დღეში კიდევ ერთ ხართან, „ჩელსისთან” გვაქვს შეხვედრა. ლონდონელებმა ამ ტურის წინ შვიდი დღე დაისვენეს. ეს თამაში ჩვენთვის ნამდვილი ფინალივით იქნება. ეს ნაღდი გამოცდაა. თუ სამი ქულის მოპოვებას შევძლებთ, ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ წინ.
სამი თვეა ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში გვიწევს. ვერ გეტყვით სადამდე მიგვიყვანს ეს. შესაძლოა გზაში დავეცეთ და მოვკვდეთ, მაგრამ ჩვენსას მაინც ვცდით.
მართალია, „ლივერპულზე” ერთი შეხვედრით მეტი გვაქვს ჩატაარებული, მაგრამ არა მგონია ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ცოტა ხნის წინ იყო საშიშროება, რომ ლიდერს შვიდი ქულით ჩამოვრჩებოდით. რაც მოხდა ჩვენთვის კარგი გაკვეთილია: არასდროს უნდა დანებდე!”
ბოლოს გვარდიოლამ დასძინა: „ლიდერები გავხდით, მაგრამ წინ კიდევ 12 თამაშია. რასაკვირველია, ქულებს კიდევ დავკარგავთ, ოღონდ იმედია შეძლებისდაგვარად ცოტას. თორმეტივე თამაშს ვერ მოვიგებთ”.