მსოფლიო ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა ვეიკ-ან-ზეეს სუპერტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო, საერთოდ კი ამ პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე 7-ჯერ უმარჯვია.
სუპერტურნირი 1928 წლიდან იმართება და სახელი, სპონსორების და გასამართი ადგილების მიხედვით, რამდენჯერმე შეეცვალა. ამჟამად გათამაშებას ინდური ფოლადის საწარმო Tata Steel აფინანსებს და ოფიციალურად Tata Steel Chess Tournament ეწოდება.
ტურნირზე, პლანეტის 14 ბობოლა დიდოსტატი, ერთ ჯგუფშია შეკრებილი და ერთმანეთში თითო პარტიას თამაშობს.
საწყისი ტურები ნორვეგიელმა მისთვის შეუფერებლად დაიწყო, მეხუთე ტურამდე ყაიმებით მივიდა და შესაბამისად ცხრილის შუაში ეკავა ადგილი, თუმც შემდეგ ზედიზედ ორი მოიგო და ლიდერებს შეუერთდა.
მე-10 ტურში მსოფლიოს ჩემპიონი მთავარ კონკურენტ ანანდს შეხვდა. პარტია დაძაბული გამოდგა, 76-ე სვლაზე კი მსოფლიოს ჩემპიონმა შესძლო მეტოქის გატეხვა, მსუყე ქულა აართვა და ერთპიროვნულად გალიდერდა.
ბოლო ტურში მაგნუსი შავებით უახლოეს მდევარს, ქართველთა სიძე ანიშ გირს დაუპირისპირდა. იგი ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა ნორვეგიელს და გამარჯვების შემთხვევაში პირველზეც გავიდოდა.
კარლსენმა სიცილიური დაცვა შესთავაზა თეთრებს, წინა ხაზზე მსუბუქი ფიგურები გამოუშვა და მე-13 სვლაზე როქი გააკეთა. ანიშმა ლაზიერის ფლანგიდან სცადა მეტოქის გატეხვა, თუმც არაფერი გამოვიდა, 29-ე სვლაზე ყაიმს დათანხმდა და მეორე ადგილს დასჯერდა.
საბოლოო ცხრილი
1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 9 ქულა
2. ანიშ გირი (ნიდერლანდები) – 8,5
3. დინ ლიენი (ჩინეთი) – 7,5
4. იან ნეპომნიაში (რუსეთი) – 7,5
5. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – 7,5
6. სემ შენკლენდი (აშშ) – 7,5
7. სანტოშ ვიდიტი (ინდოეთი) – 7
8. თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) – 6,5
9. რიჰარდ რაპპორტი (უნგრეთი) – 6,5
10. იან-კშიშტოფ დუდა (პოლონეთი) – 5,5
11. ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი) – 5
12. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 5
13. იორდნ ვან ფორესტი (ნიდერლანდები) – 4,5
14. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 4,5