ჟოზე მოურინიუს „რეალიდან” დაუკავშირდნენ. როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესს პორტუგალიელის „სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნება სურს. ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა ინგლისურმა „სანმა”.
მოგეხსენებათ, „რეალს” მიმდინარე სეზონში უკვე მეორე მწვრთნელი უდგას სათავეში, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. ბოლო ტურში „რეალ სოსიედადთან” 0:2 წაგების შემდეგ მადრიდელები ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან და ლიდერ „ბარსელონას” 10 ქულით ჩამორჩებიან.
შეგახსენებთ, რომ პერესმა მოურინიუ, რომელიც ახლა 55 წლისაა, „რეალის” თავკაცად 2010 წელს დანიშნა. „განსაკუთრებულის” მადრიდული მიღწევები გახლდათ „სამეფო თასის” მოგება და 2012 წელს ყოვლისმპყრობელი „ბარსელონასთვის” ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის ჩამორთმევა.
შემდეგ სეზონში მოურინიუს ფეხბურთელებთან გართულებული ურთიერთობის გამო „თეთრების” დატოვება მოუხდა, მაგრამ ცნობილია, რომ ფლორენტინოს მისი გაშვება არ უნდოდა. ცნობილია ისიც, რომ პორტუგალიელის მადრიდიდან წასვლის მიუხედავად პერესს და მოურინიუს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
„სანი” წერს, რომ ახლა ფლორენტინოს სწამს — „მანჩესტერ იუნაიტედში” ხელმოცარვის მიუხედავად, მის გუნდს გამარჯვების გზებზე ისევ მოურინიუ თუ დააყენებს.
მაგრამ, ამ ეტაპზე არსებობს პრობლემაც: მოურინიუ ჯერაც მანჩესტერელებთან არკვევს გაყრის დეტალებს. „იუნაიტედი” მწვრთნელისთვის საკომპენსაციო 15 მილიონი გირვანქის გადახდას აპირებს (სხვა წყაროები 24 მილიონზე ლაპარაკობდნენ), მისი აგენტი ჟორჟი მენდისი კი როგორც ჩანს ამას არ ყაბულდება და ამბობს, დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელი გვაქვსო.
შესაბამისად, დღესდღეობით მოურინიუ „რეალის” შეთავაზებს ვერაფრით პასუხობს.