„ბაიერნის” აღმასრულებელმა შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კიდევ ერთხელ კატეგორიულად განაცხადა, რომ ბავარიული კლუბი ეგრეთწოდებულ „სუპერლიგაში” არ ითამაშებს.
„ჩვენი გუნდი გააგრძელებს გამოსვლას ბუნდესლიგაში, გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში. სანამ „ბაიერნის” სათავეში ული ჰიონესი და მე ვუდგავართ, კლუბი ეროვნულ ჩემპიონატს არ დატოვებს”, — თქვა 63 წლის ყოფილმა ვარსკვლავმა ბავარიელთა კლუბის ყოველწლიურ შეკრებაზე.
შემდეგ რუმენიგემ ხუმრობანარევი ტექსტით მიმართა ჰიონესს: „შენ ულაპარაკოდ შეიძლება გიწოდოთ ბატონი „ბაიერნი”. მთელი სტრუქტურა, რომელიც აქ აიგო, შენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ის შენი ამბიციისა და ენერგიის შედეგია. აშკარაა, რომ კლუბის წევრები, ფანები და მე ამისათვის მადლობას გიხდით. ული, ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. დიდხანს დარჩი ჩვენთან, ოღონდ გთხოვ ნაკლებად ემოციური და მეტად გაწონასწორებული იყავი. მომავალში, როგორ კი შევატყობ, რომ მოთმინებას კარგავ, მე ფეხზე ხელს მოვიჭერ. იქნებ ამ ცრურწმენამ გაჭრას და არ სიბრაზისგან არ აფეთქდე”.
თავის მომავალზე კი კარლ-ჰაინც რუმენიგეს არაფერი უთქვამს. ის მოქმედი კონტრაქტის თანახმად „ბაიერნში” 2019 წლის ბოლომდე უნდა დარჩეს.
რუმენიგეს გამოსვლამდე სიტყვით გამოვიდა ჰიონესი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მისი მეგობარი კიდევ ოთხ წელიწადს დარჩება კლუბში.
ჰიონესმა „ბაიერნში” ოლივერ კანის მიყვანაზეც ილაპარაკა. მისი თქმით მართალია ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, მაგრამ სავარაუდოდ, მომავალში „ბაიერნის” შეფი სწორედ ლეგენდარული მეკარე გახდება.
ბავარიელთა ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მომავალ ზაფხულს ისინი გუნდში დიდ ცვლილებებს მოახდენენ და 2019-20 წლის სეზონში „ბაიერნი” გახდება გუნდი რომელიც ტიტულებისთვის კი არ იბრძოლებს, არამედ მოიგებს მათ.
როგორც ჰიონესმა ასევე რუმენიგემ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს მხარი დაუჭირეს.