ედენ აზარმა პრემიერლიგის ძვალთა მტვრეველებს შეუთვალა, თქვენი ხერხებით ვერ გამაჩერებთო.
შაბათს „ჩელსიმ” „ნიუკასლს” 2:1 მოუგო. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც ბელგიელმა ახალ სეზონში „ლურჯების” სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. მასპინძლებმა მას ათლეტური ფეხბურთი დაუპირისპირეს, რის გამოც აზარმა თამაშის დიდი ნაწილი გაზონზე წაქცეულმა გაატარა.
მოგეხსენებათ, აზარი „რეალში” ცდილობდა გადასვლას, მაგრამ ტრანსფერი ვერ გაიჩარხა. ბოლოხანს ითქვა, მადრიდელთა სათავეში ზინედინ ზიდანი რომ დაეტოვებინათ, თავდამსხმელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლიდან თავს აღარ შეიკავებდაო. ასეა თუ ისე, მას პრემიერლიგაში უწევს კარიერის გაგრძელება. „ნიუკასლთან” შეხვედრაში აზარმა 90 წუთი სრულად ითამაშა და პენალტით გოლიც გაიტანა, მატჩის შემდეგ კი თქვა:
„პრემიერლიგაში ყოველთვის ასეა. ყოველ ტურში ერთი და იგივე მეორდება, მაგრამ, მე არაფერს ვჩივი. ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო. როდესაც ბურთს ვფლობ, ფეხებში მარტყამენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასეთ დროს უნდა სცადო კიდევ უფრო უკეთ ითამაშო.
თამაშის შემდეგ დაღლილი ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ როგორც შედეგით ასევე ჩემი გატანილი გოლით კმაყოფილი დავრჩი. მოგებული თამაშის შემდეგ დაღლა გავიწყდება. ახლა, შემდეგ თამაშამდე ერთი კვირა გვაქვს დასასვენებლად.
კარგ ფორმაში ვართ, სამიდან სამი თამაში მოვიგეთ და ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ჩვენი ამოცანაა სეზონი პირველ ადგილზე დავამთავროთ.
კარგად ვიცით, რომ ჩემპიონატი მხოლოდ ახლა იწყება. გოლები საკუთარი თავის რწმენასთან ერთად მოვა”.