„სანმა” გაარკვია: ჟოზე მოურინიუ იანვარში სატრანსფერო ბაზარს დაუბრუნდება. ვის შეძენას შეეცდება „მანცესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი მწვრთნელი, ჯერ არ ამბობენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ „იუნაიტედის” ბოსები „განსაკუთრებულს” ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ თუ შერჩეული ფეხბურთელის დონე და ფასი ერთმანეთის შესაბამისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს „იუნაიტედის” სატრანსფერო პოლიტიკამ მოურინიუ ცენტრალური მცველის გარეშე დატოვა. „განსაკუთრებულს” სამიდან ერთი სურდა: ჰარი მაგუაირი, იერი მინა ან ტობი ალდერვეირელდი.
ტობი ალდერვეირელდზე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპური” იანვარში მის გაყიდვას შეეცდება. მიზეზი: 29 წლის მცველს სეზონის ბოლოს „დეზებთან” კონტრაქტი ეწურება, შესაბამისად თავისუფალი აგენტი ხდება და ამიტომ ის შეიძლება იაფადაც კი გაყიდონ.
„მანჩესტერ იუნაიტედის” შეფებმა კარგად იციან, რომ ზოგადად იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სასურველი მოთამაშის შეძენა ძნელია. ამიტომაც გააფრთხილეს მოურინიუ, ახალ ფეხბურთელს გიყიდით ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფასი ადექვატური იქნებაო.
პოსტ-ფერგიუსონის ეპოქაში „მანჩესტერ იუნაიტედმა” ზამთრის ბაზარზე სამი ფეხბურთელი იყიდა, ხუან მატა „ჩელსიდან”, ალექსის სანჩესი „არსენალიდან” და ვიქტორ ვალდესი „ბარსელონადან”.
სანჩესს ალდერვეირელდისა არ იყოს ექვსი თვე ჰქონდა წინა გუნდთან განშორებამდე დარჩენილი, ოღონდ ბელგიელისგან განსხვავებით გამორჩევით მაღალ ხელფასს იღებდა. ერთი სიტყვით იმის თქმა გვინდა, რომ მართალია ძნელი საქმეა, მაგრამ ზამთარში სასურველი ფეხბურთელის ყიდვა მაინც შესაძლებელია.