ტორპედომ (თეთრ მაისურებში) გოლი ტირასპოლშიც უნდა გაიტანოს

დღეს და ხვალ აბანოა. ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე ითამაშებენ ქართული კლუბები. პირველი საკვალიფიკაციოს პირველი მატჩები იყო და საპასუხოებს ველოდებით. რა იმედით? მთლად უიმედოდ არ ვართ, შარშანდელს უკვე სჯობს. შარშან საერთოდ კოშმარი მოხდა. თუმც ჯერ მაინც ადრეა…

დღეს საღამოს ცხრა საათზე ქუთაისის „ტორპედო“ მოლდოვაში შეხვდება ტირასპოლის „შერიფს“, რომელსაც ლამის მთელი ბალახვანისა თუ საფიჩხიის ტერიტორიისა მხოლოდ ბაზა აქვს.

ქუთაისელებს შინ 2:1 აქვთ მოგებული, ეს კი ისეთი ანგარიშია, ორივეს ერთნაირ შანსს რომ უტოვებს საპასუხო თამაშის წინ. არც იქით, არც აქეთ. ისე, „ტორპედოს“ სტადიონთან ხალხი მიდის, მატჩს დიდ ეკრანზე უნდა უცქირონ.

ხვალ ხუთი საათიდან იწყება ვნებათღელვა. ევროპა ლიგაზე სამი ქართული კლუბია. ჯერ ყაზახეთში „ტობოლი“ და „სამტრედია“ გაარკვევენ ურთიერთობას.

დინამოს (თეთრებში) მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს                                                                           ბადრი კეთილაძის ფოტო

„ტობოლი“, სადაც ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ, უკეთესი გუნდია და თბილისის ხვატშიც მოიგო – 1:0. გია ცეცაძის გაწვრთნილების შანსი სტუმრად გოლია. ისე კი, რთული იქნება, „სამტრედიას“ ეს შემადგენლობა სულ ორი კვირაა ერთად ვარჯიშობს.

მერე, ცხრაზე, „დინამო არენაზე“ დაიწყება „დინამო“-„დუნაისკა სტრედა“. სლოვაკეთში 1:1 მორჩა და კახა კაჭარავას გუნდი წყვილის ფავორიტია, ოღონდ ანგარიშიც მატყუარაა და სლოვაკური გუნდიც. სულ სხვაგავრადა იქნებოდა საქმე, დინამოელ მათე ვაწაძეს სლოვაკეთში ბოლო წამებზე რომ გაეტანა. სასწაულად ვერ მოახერხა.

იმედია, ოთარ კიტეიშვილი და კომპანია სტადიონიდან გახარებულებს გაგვიშვებს. მოგვენატრა ევროტურნირებზე გამარჯვება.

22.45-ზე კი იერუსალიმში დაიწყება „ბეითარი“-„ჩიხურა“. აქაურ მათ დაპირისპირებაში გოლი არ გასულა. თამაში უფრო საჩხერელებისა იყო, ხოლო მსაჯობა – უფრო სტუმრებისა. ოღონდ, ასეთ რამეებს უკვე მივეჩვიეთ. ვფიქრობთ, „ჩიხურას“ შანსი აქვს. გოლი, გოლი გვინდა.