სენსაციების გარეშე არ ჩაუვლია ამ მსოფლიოს ჩემპიონატს. სხვაგვარად მოსაწყენიც იქნებოდა. მინდორს მიღმაც არ გვაკლდა სასეირო, მაგალითად, დიეგო მარადონას პრანჭვა-გრეხვები. როგორ მოგვაკლდა თვალს არგენტინის გავარდნის მერე.

აქ 10 უცნაური ამბავი ჩამოვთვალოთ.

1. გერმანია ჯგუფში დარჩა. უკვე მერამდენედ, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კრახს განიცდის. საფრანგეთი-2002, იტალია-2010, ესპანეთი-2014, ახლა კი გერმანია-2018, შორეულ წარსულში ისევ იტალია… ბოლო ხუთიდან გამონაკლისი იყო მხოლოდ ბრაზილია, რომელმაც 2006 წელს სენსაციას უარი უთხრა.

2. ხორვატიის ენერგია, ზედიზედ სამი 120-წუთიანი მატჩი. როგორ არ დაიღალნენ? თანაც, ყველაზე უცნაური ისაა, რომ საუკეთესო ფეხბურთი სწორედაც მესამე შეხვედრის მეორე ტაიმსა და დამატებით დროში აჩვენეს – ინგლისთან. არადა, ადამიანური თვალსაზრისით, სწორედ ყველაზე მეტად იქ უნდა გასწყდომოდათ ქანცი. მაგრამ ეს ხორვატიაა, განსაკუთრებულად სპორტული ერი.

3. მარიო მანჯუკიჩისა და ივან პერიშიჩის ლაფსუსები ფინალში. ალბათ ახლა როგორ განიცდიან, რისთვის ჩადიოდნენ საკუთარ საჯარიმოში. ცოდოები არიან, ნახევარფინალის გმირები ფინალში ასე რომ გაიწირნენ.

4. რომელუ ლუკაკუ ფლანგზე და კევინ დე ბრუინი ცრუ 9 ნომრად. ზორბა კაცი, მონდიალის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფეხბურთელი ფლანგზე? და 9 ნომერის პოზიციაზე მოთამაშე, რომლის საუკეთესო იარაღი პასია? ბელგიის მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ბრაზილიასთან ასეთი უცნაური ფანდი გააკეთა და ზუსტად გაარტყა.

5. მონდიალზე ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს პერუმ და ირანმა – მხოლოდ 2-2.

6. 1994 წლის მერე პირველად მოხდა, რომ შვედეთს შემადგენლობაში არ ჰყავდა ვარსკვლავი და აი, სწორედ ახლა აჩვენა საუკეთესო შედეგი. ზლატან იბრაჰიმოვიჩით ვერ მიაღწია, ახლა კი მეოთხედფინალს უწიეს. რა გუნდები დატოვეს გარეთ?! მუნდიალამდე ჰოლანდია და იტალია, მერე კი გერმანიის ჯგუფში მოხვდა. ხოლო გერმანია, მოგეხსენებათ, სახლში როდის წავიდა…

7. მხოლოდ ერთი მატჩი დასრულდა 0:0. საფრანგეთი-დანია. მხოლოდ ერთი!

ძალიან ცოტაა.

ჯგუფებს რომ თავი დავანებოთ, წინა მონდიალებზე ფლეი-ოფებშიც მრავლად იყო ნულები.

8. ესპანეთმა რუსეთთან მატჩში 1114 პასი გააკეთა. რა მიიღო? ერთი გოლი და წაგება პენალტებში. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. „ტიკი ტაკა“ მწვავე პასის გარეშე არაფერია. იმ დღეს კი კოკემ 96 პასიდან 91 უკან გააკეთა.

9. საფრანგეთის ცენტფორვარდ ოლივიე ჟირუს მუნდიალზე კარის ჩარჩოში არ დაურტყამს. 546 წუთი გაატარა მინდორზე. არ ვიცით, ეს რა მოვლენაა, მაგრამ ფაქტია: „მამლები“ პირველად რომ გახდნენ ჩემპიონები, მაშინ სტეფან გივარში ჰყავთ ცენტრფორვარდი, ახლა – ჟირუ.

10. და ბოლოს, მონდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა კაცი, რომელმაც მონდიალი ჩააგდო. ჰარი კეინმა პირველ მატჩში დუბლი შეუსრულა ტუნისს, დანარჩენ ოთხ გოლზე კი რა გითხრათ – სამი პენალტით და ერთიც, შემთხვევით მოხვდა ქუსლზე. ამ ოთხიდან სამი წყალწაღებულ პანამასთან გაიტანა.