მესუთ იოზილს გერმანელ გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა. მსოფლიოს აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონებმა კორეის ნაკრებთან 0:2 წააგეს და არათუ მერვედფინალში ვერ გავიდნენ, არამედ F ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩარჩნენ. გერმანია 1938 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპიდან არ გავარდნილა.
კორეელებთან დამარცხებამ გერმანელი გულშემატკივარი საშინლად აღაშფოთა. ასეთი შედეგის წარმოდგენა მათთვის ძნელი იყო. და როდესაც ბუნდესმანშაფტის დაზაფრული მოთამაშეები გასახდელისკენ მიემართებოდნენ, გვირაბთან ახლოს მსხდომმა ფანებმა მათ ტრიბუნიდან ლანძღვა-გინება დაუწყეს. იოზილმა თავი ვერ შეიკავა და მავან გულშემატკივარს გაექაჩა. ფეხბურთელს ნაკრების შტაბის ერთ-ერთი წევრი აკავებდა.
ბლომად გინების მოსმენა მოუხდა გერმანელთა მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვსაც. ტრიბუნაზე გამძვინვარებულ ფანებს სტიუარდები აჩერებდნენ.
მატჩის შემდეგ ლიოვმა ბრალის იოზილისთვის დაკისრებისგან შორს დაიჭირა. მან თქვა:
„მარტო იოზილი არაფერ შუაშია. ჩვენი გუნდის ბევრმა ფეხბურთელმა ვერ ითამაშა ისე, როგორც ჩვეულებრივ თამაშობს ხოლმე. პასუხისმგებლობას ამ მარცხისთვის ჩემს თავზე ვიღებ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კარგი გუნდი გვყავდა.
თომას მიულერი ძირითად შემადგენლობაში იმიტომ არ დავაყენე, რომ პირველ ორ შეხვედრაში მისი თამაში დამაჯერებელი არ იყო. შეხვედრის მიწურულს კი, როდესაც მივხვდით, რომ გოლის გატანა გვინდოდა, მცველი გავიყვანეთ, რაც რასაკვირველია რისკი იყო, მაგრამ მეტს ვეღარ მოვიცდიდით. იძულებულები გავხდით მთელი ძალები წინ გადაგვესროლა და შესაბამისად ზურგი მოგვეშიშვლებინა”.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
