ამბობენ, მოჰამედ სალაჰი ისე გაბრაზდა, ეგვიპტის ნაკრებიდან კინაღამ გაიქცაო. გაქცევის ამბავი სავარაუდოდ გადაჭარბებულია, მაგრამ როგორც ჩანს მიხვდა, რომ გამოიყენეს — ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა მას რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეობა უბოძა. მავანი იტყვის მერე რა მოხდაო, არადა „სანმა” შეიტყო, რომ „ლივერპულის” 26 წლის ვარსკვლავს ძალიან წყენია, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ პოლიტიკურ სათამაშოდ ქცევისგან რომ არ დაიცვა.
როგორც ამბობენ სალაჰს პრინციპულად არ უნდა ფეხბურთის გარდა რაიმე საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული, არადა ევროპაში მოთამაშე მისი პოპულარობის მუსლიმი კაცის გამოყენებას რომ ბევრი პოლიტიკური ძალა შეეცდება ადვილი მისახვედრია.
გავრცელდა ვიდეო, სადაც კადიროვი სიტყვას ამბობს, სალაჰი კი იღიმება და მერე ჩეჩნეთის პრეზიდენტი მას ხალათზე სამკერდე ნიშანს, ჩეჩნეთის დროშას ამაგრებს.
მოგეხსენებათ, ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩეჩნეთშია დაბანაკებული, რითაც კადიროვმა როგორც ჩანს ისარგებლა და მოხერხებული პიარ-სვლა გააკეთა.
„მართალია! მოჰამედ სალაჰი ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქეა. მე მას ბრძანების ასლი და სამკერდე ნიშანი გადავეცი”, — დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელში და დასძინა, ჩვენ ასეთ რამეებს პოლიტიკური პროპაგანდისთვის არ ვიყენებთ, ჭორიკანა სტატიებს კი ჩვენი მტრები აფინანსებენო.
„მე მოჰამედ სალაჰი და ეგვიპტის ნაკრები არ დამიპატიჟებია. მათ თავად აგვირჩიეს” — თქვა რამზან კადიროვმა.