„ნაპოლიში” ასეთი ამბავია: მაურიციო სარი, რომელმაც გუნდი სერია A-ში 91 ქულით მეორე ადგილზე გაიყვანა, „ჩელსისკენ” იყურება — მართალია ოფიციალურად ნეაპოლელთა თავკაცის თანამდებობიდან ჯერ არ გადამდგარა, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რომ მის ადგილას კარლო ანჩელოტი მივა. ისე, ამ ადგილზე თითქოს ანტონიო კონტეს ელოდნენ, ვითომცდა ლონდონსა და ნეაპოლს შორის მწვრთნელების როქი იქნებაო, მაგრამ ეს ამბავი როგორც ჩანს არ გამოვიდა და ამიტომ ჩვენც თავი დავანებოთ.

დავიდ ლუისი

ანჩელოტიმ, რომელიც ოფიციალურად ჯერ „ნაპოლისთან” არაფერ შუაშია, კლუბის ხელმძღვანელობას უკვე ჩამოუთვალა ის ფეხბურთელები, რომლებიც უნდა უყიდონ თუ მაღალი მიზნებისთვის აპირებენ ბრძოლას.

დავიწყოთ იმით, რომ „ნაპოლიდან” წავლენ სარის ფავორიტები — ნახევარმცველი ჟორჟინიო და მცველი კალიდუ კულიბალი. ამ ორს გაჰყვება მარჯვენა მცველი ელსეიდ ჰისაიც. მათ სანაცვლოდ ანჩელოტის სურს დაიმატოს დავიდ ლუისი, რომელიც 2011 წელს „ჩელსიში” მიიყვანა. ბრაზილიელი კულიბალის შეცვლის.

კარლიტოს მაღალი დონის თავდამსხმელიც სჭირდება. იდეალური გამოსავალი ქარიმ ბენზემას ყიდვა იქნებოდა. თუკი ბენზემა „რეალიდან” „ნაპოლიში” გადაბარგდება, ის გაიმეორებს ძველი მეგობრის, გონსალო იგუაინის გზას მაგრამ თუ ბენზემას ვარიანტი ჩაიშლება, მაშინ იქნებ „პარი სენ ჟერმენიდან” ედინსონ კავანის დაბრუნება გამოვიდეს.

ნახევარდაცვაში აჩელოტის ძალიან უნდა „ბაიერნის” დროინდელი შეგირდის, ჩილელი არტურო ვიდალის გადაბირება. მიზანშია ამოღებული 22 წლის ურუგვაელი ლუკას ტორეირაც, რომელიც „სამპდორიაში” თამაშობს.