„პარი სენ ჟერმენმა” სეზონი „კაენთან” სტუმრად 0:0-ით დაასრულა და გულშემატკივარს მეორე დღესვე წარუდგინა ახალი მწვრთნელი, გერმანელი თომას ტუხელი. 44 წლის ტუხელმა თანამდებობაზე 46 წლის ესპანელი უნაი ემერი შეცვალა. დორტმუნდელთა ყოფილმა თავკაცმა შეიხთა კლუბთან 2020 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.
„რასაკვირველია, დიდ მიზნებს ვისახავთ, მაგრამ გამარჯვებებსა და ტიტულებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს ასეთი ნდობისთვის. ერთი სული მაქვს როდის შევუდგები საქმეს. ამდენ ვარსკვლავთან მუშაობის კი არ მეშინია”, — გამართული ფრანგულით თქვა ტუხელმა პრეზენტაციაზე.
გერმანელმა მწვრთნელმა დასძინა, რომ მის ხელში გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და საამისოდ შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს.
ტუხელს საგანგებოდ ჰკითხეს ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის შესახებ. როგორც გაირკვა პარიზელთა ახალი მწვრთნელი 222 მილიონ ევროდ ნაყიდ თავდამსხმელს უკვე შეხვედრია.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ის ნამდვილი შემოქმედი, გამორჩეული ფეხბურთელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენ ტაქტიკასა და ზოგადად ფეხბურთზე ვილაპარაკეთ. მე მის სახეზე ღიმილი დავინახე. სწორედ ეს მინდა ნეიმარისგან. შემოქმედი ბუნების ადამიანები სხვანაირი ხალხია. მათ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ”, — თქვა ტუხელმა რომელიც, როგორც ჩანს, ბრაზილიელზე საგანგებოდ მორგებული სტრუქტურის მოფიქრებას აპირებს.