„ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ბავარიული კლუბის ჩემპიონობაში კარლო ანჩელოტის დამსახურება აღნიშნა.
„მინდა მივესალმო კარლო ანჩელოტის”, — თქვა „რეკორდმაისტერის” თავკაცმა ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში მას მერე, რაც მისმა გუნდმა „აუგსბურგს” სტუმრად 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო გერმანული ფეხბურთის უდიდესი ტიტული. მოგეხსენებათ, „ბაიერნმა” სეზონი იტალიელის ხელმძღვანელობით დაიწყო. ანჩელოტი „ალიანს არენაზე” 2017 წლის 28 სექტემბრამდე მუშაობდა.
ჰაინკესმა განაგრძო: „ანჩელოტი მხოლოდ კარგი მწვრთნელი კი არა, დიდებული პიროვნებაცაა”.
მწვრთნელთა როლზე კი 72 წლის სპეციალისტმა ასე თქვა: „მწვრთნელები საერთო სურათზე არიან პასუხისმგებლები, მაგრამ მთავარი გმირები რასაკვირველია ფეხბურთელები არიან. მათ დიდებული სამუშაო გაწიეს“.
ფეხბურთელებს შორის კი ორ ვეტერანს, 35 წლის ფრანკ რიბერისა და 34 წლის არიენ რობენს „ბაიერნი” ალბათ კვლავ გაუხანგრძლივებს კონტრაქტს. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ „შპორტ ბილდის” კორესპონდენტს ასე განუცხადა:
„რაც ეს ორი ფეხბურთელი „ბაიერნში” თამაშობს, დიდ წარმატებებს ვაღწევთ. მათი დამსახურება ახლაც და ადრეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც კლუბის ხელმძღვანელებს ძალიან კარგად მოგვეხსენება. ჩვენ მათთან მოლაპარაკებულები ვართ. გადამწყვეტი მათი თამაშის ხარისხია, ეს კი უმაღლესი კლასისაა”.
რიბერი ბაიერნში 2007 წლიდანაა, ხოლო რობენი 2009 წლიდან.
საინტერესოა, რომ რიბერი მერვედ გახდა გერმანიის ჩემპიონი. ამ შედეგით ის დაეწია ოლივერ კანს, ფილიპ ლამს, მეჰმეთ შოლსა და ბასტიან შვაინშტაიგერს.
საჩემპიონო მატჩის შემდეგ არიენ რობენი შედარებით მოკრძალებული ჩანდა. კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს სეზონი მისთვის ბავარიულ კლუბში ბოლო გამოდგეს, მან უპასუხა:
„სრულიად, შესაძლებელია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ უნდა ისიამოვნო ყოველი წუთით. ყოველთვის ყველაფერი თავისთავად და იოლად არ გამოდის. ბევრი რამის დაგეგმვაა საჭირო”.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
