„პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი სამშობლოში მზეს ეფიცხება და ტრავმას იშუშებს. მოგეხსენებათ, 26 წლის თავდამსხმელმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. „ესპორტე ინტერატივოსთვის” მიცემულ ინტერვიუში მან საფრანგეთში თამაშზე დაიჩივლა. როგორც ჩანს, ყოფილ ბარსელონელს ერთი სული აქვს, როდის დააღწევს თავს ლიგა 1-ს.
„საფრანგეთში გატარებული ხუთი კვირა ხუთი თვესავით იყო. ვფიქრობ, იქ ძალიან ხშირად არღვევენ თამაშის წესებს. უსამართლობაა. ნებისმიერ შეხვედრაში უმოწყალოდ მირტყამენ ძვლებში. მთელი სხეული ლაქებით მაქვს დაფარული” — თქვა ნეიმარმა ინტერვიუში.
„UOL ესპორტე” წერს, რომ ნეიმარს სწორედ უხეშობის გამო უნდა საფრანგეთიდან წასვლა. სტატისტიკურად დათვლილია, რომ ესპანეთში ნეიმარის წინააღმდეგ თამაშში საშუალოდ 3,2-ჯერ ჯარიმდებოდნენ, საფრანგეთში კი — 5,2-ჯერ ჯარიმდებიან.
ამბობენ, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც ბრაზილიელს საფრანგეთიდან წასვლა უნდა თამაშების წინ სასტუმროებში დიდხანს გაჩერება ანუ ხანგრძლივი შეკრებებია. ნეიმარისთვის ფრანგული კლიმატიც მკაცრი ყოფილა.
„პარი სენ ჟერმენის” მიერ 222 მილიონ ევროდ შეძენილი ფორვარდის მომავალს ყველაზე მეტად „რეალთან” აკავშირებენ. სავარაუდოდ, მადრიდში ნეიმარი კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად ესახებათ. ესპანური პრესა წერს, რომ ფეხბურთელის ფასი სადღეისოდ 400 მილიონი ევროა. აქა-იქ ისიც ითქვა, რომ ბრაზილიელი შეიძლება „ბარსელონაშიც” დაბრუნდეს.