მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!

მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
  • სამხრეთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი!
  • ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებული 207 მატჩი და 125 გოლი!
  • ფეხბურთელი, რომელმაც ექვსჯერ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონტის ფინალურ ეტაპზე!
  • 2021 და 2024 წლების კოპა ამერიკა; 2022 წლის ფინალისიმა; მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს 2014 და 2016 წლების ჩემპიონატების ფინალისტი!

რამდენიმე საათის წინ 39 წლის ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა და გულშემატკივარს ამ წერილით დაემშვიდობა:

„მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ფინალის შემდეგ გავიდა, ბევრი ვიფიქრე და მინდა ყველას გაცნობოთ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიერას ვასრულებ…

ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეული იყო და დღემდე გულს მტკენს, თუმცა ვხვდები, რომ ამის დრო დადგა. გეფიცებით, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი – არა მხოლოდ ბოლო წლებში, როდესაც ყველაფერი მოვიგეთ, არამედ მანამდეც. ყოველთვის ვიბრძოდი და ამ მაისურისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რათა თქვენთვის სიხარული მომეტანა და ფეხბურთის მეშვეობით არგენტინელობით სიამაყე გეგრძნოთ.

დრო სულ უფრო ცოტა რჩება და ცხოვრების ეტაპებიც ნელ-ნელა სრულდება. ეს კი ერთ-ერთი იმ ეტაპთაგანია, რომლის დასრულებაც განსაკუთრებით მტკივა. მიყვარს, მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება ეროვნულ ნაკრებში ყოფნა. ბოლომდე დავიხარჯე და ვგრძნობ, რომ მეტი აღარაფერი მაქვს გასაცემი. ამასთანავე, მოდის ძალიან ძლიერი ახალგაზრდა თაობა, რომელიც იმსახურებს ნაკრებში თავის ადგილს.

მადლობა ამ 20 წლის განმავლობაში გამოჩენილი სიყვარულისთვის. ძალიან მომენატრება თქვენი ხმების მოედნიდან მოსმენა. ახლა მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები – გარედან ყოველთვის ვუგულშემატკივრებ და მხარს დავუჭერ ნაკრებს, როგორც კარგ, ისე რთულ დღეებში – რთულ დღეებში კი კიდევ უფრო მეტად.

მადლობა ჩემს ოჯახს, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა და ამ საოცარ, თუმცა რთულ გზაზე თან მომყვებოდა. მადლობა თითოეულ მწვრთნელს, თანაგუნდელსა და ხელმძღვანელს, რომლებთან ერთადაც ამ გზის გავლა მომიწია. თან მიმაქვს უამრავი დაუვიწყარი მოგონება და განსაკუთრებული მომენტი.

მივდივარ მშვიდად და ამაყად, რადგან ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევძელი თქვენთვის ისეთი მომენტების ჩუქება, რომლებზეც ოდესღაც მხოლოდ ვოცნებობდით. სიგიჟე იყო ამ ყველაფრის თქვენთან ერთად განცდა. მიყვარხართ!

მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!

წინ, არგენტინა! “

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.