30 კაცს ფრანს ფუტბოლი ორშაბათს დაასახელებს

30 კაცს ფრანს ფუტბოლი ორშაბათს დაასახელებს

ვინ გახდება 2026 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი? ვინ შეცვლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტახტზე ოსმან დემბელეს? ქართველ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ ეს „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, თუმცა მოთმენა მოგვიწევს. პასუხს 26 ოქტომბერს ლონდონში გავიგებთ. მანამდე კი, ორშაბათს, 8 სექტემბერს „ფრანს“ ფუტბოლი დაასახელებს იმ 30 ფეხბურთელის ვინაობას, რომელთაგან ხმოსნებს საუკეთესოს ამორჩევა მოუხდებათ. როგორც „ეკიპი“ იუწყება, ოცდაათეულში შემავალი ვარსკვლავების გვარებს პარიზში ორშაბათს შუადღისას თანდათანობით გამოაცხადებენ.

ახლა, რაც შეეხება ბრიტანეთის დედაქალაქს, სადაც ფრანგული გაზეთის გალა დაჯილდოება ისტორიაში პირველად გაიმართება: რატომ ლონდონი? იმიტომ, რომ წლეულს „ოქროს ბურთს“ იუბილე აქვს, 70 წელიწადი უსრულდება, პირველი გამარჯვებული კი 1956 წელს ინგლისელი სერ სტენლი მეტიუზი იყო.

არის კიდევ ერთი მიზეზი: 2024 წელს „ფრანს ფუტბოლი“ უეფას შეუამხანაგდა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვას ერთობლივად აწყობენ. უეფას კი ღონისძიების პარიზიდან გატანა, ასე ვთქვათ გლობალიზაცია აქვს გადაწყვეტილი. ცხადია ეს ყველაფერი ფიფასა და უეფას შორის არსებული კონფლიქტის კონტექსტშიც შეიძლება იქნას განხილული.

შეგახსენებთ, რომ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში ხმას აძლევს ფიფას რეიტინგის ტოპ-100 ქვეყნის ჟურნალისტი. 72-ე ადგილზე მყოფი საქართველოდან გამოკითხვაში „სარბიელის“ წარმომადგენელი ვახტანგ ბზიკაძე მონაწილეობს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.