
15 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატს ევროპიდან ახალი გუნდი არ შემატებია. თვალშისაცემი საქართველოში ესპანეთის და შვედეთთან შვეიცარიელების შთამბეჭდავი გამარჯვებები იყო. როგორც ესპანელებმა ასევე შვეიცარიელებმა მეტოქეთა კარში ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს. სხვა თამაშებში ტაბლოზე ციფრი 4 არ დაწერილა.
თბილისში გამართულ შეხვედრაზე ვრცლად არ შევჩერდებით, უბრალოდ ვიტყვით, რომ ესპანეთი მოწინააღმდეგეების განადგურებას განაგრძობს, E ჯგუფში 5 თამაშიდან 5 მოგება აქვს. „ლა როხამ’’ გაიტანა 19 გოლი, გაშვებით კი არ გაუშვია. საქართველოს მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსი აღარ აქვს.
ამავე ჯგუფში თურქებმა 2:0 მოუგეს ბულგარელებს და ბოლო ტურის წინ ესპანეთს 3 ქულით ჩამორჩებიან. მეექვსე ტურში ესპანეთი თურქეთს სევილიაში მასპინძლობს. თეორიულად, თუ თურქები გაიმარჯვებენ, ლიდერს ქულებით გაუტოლდებიან და მერე დაიწყება ბურთების თვლა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა 6:0 დასრულდა ესპანელების სასარგებლოდ.
ზემოთ შვეიცარია და შვედეთი რომ ვახსენეთ, ეს B ჯგუფია. ანგარიში მე-13 წუთზე ბრილ ემბოლომ გახსნა დან ნდოიეს ჩაწოდების შემდეგ, მაგრამ 20 წუთის შემდეგ შვედებმა ახალი მწვრთნელის, ინგლისელი გრემ პოტერის თავკაცობით თავიანთი პირველი გოლი შეაგდეს. ეს „სელტიკის’’ თავდამსხმელმა ბენიამინ ნიგრენმა გააკეთა. შესვენების შემდეგ გრანიტ ჯაკამ, ნდოიემ და იოჰან მანზამბიმ შვედებს სამი გოლი გაუტანეს და ბოლო ტურს კოსოვოსთან სამქულიანი უპირატესობით ხვდებიან. შვეიცარიელებს გატანილ-გაშვებულთა შთამბეჭდავი სხვაობაც აქვთ: +12. კოსოვომ სლოვენიაში 2:0 მოიგო და ბოლო ტურში შვეიცარიას მასპინძლობს. თურქეთისა არ იყოს თეორიული შანსი კოსოვოელებს რასაკვირველია აქვთ, მაგრამ ძალიან საეჭვოა ფლეი-ოფს აცდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ გავიდნენ.
თვალშისაცემი იყო აგრეთვე J ჯგუფში ასტანაში ყაზახეთისა და ბელგიის ფრე 1:1. ბელგიელებმა ჰანს ვანაკენის თავურის წყალობით მინიმუმ ფლეი-ოფში გაინაღდეს ადგილი. მათ მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევებში უკვე 35 თამაშია რაც არ წაუგიათ.
გამარჯვების შემთხვევაში ბელგია პარასკევსვე იზეიმებდა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას, მაგრამ მე-9 წუთზე 17 წლის ყაზახმა დასტან სატპაიევმა ანგარიში გახსნა. სატპაიევი გახდა ყაზახეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი. 77-ე წუთზე ისლამ ჩესნოკოვის გაძევების მიუხედავად ტალგატ ბაისუფინოვის გუნდმა მოახერხა და არ წააგო.
ამ ჯგუფში უელსმა ლიხტენშტაინს სტუმრად 1:0 მოუგო. უელსელებს და მაკედონიელებს 13 ქულა აქვთ. ბოლო ტურში ფლეი-ოფის ადგილს ისინი უელსში შეეცილებიან ერთმანეთს.
H ჯგუფში მარკო არნაუტოვიჩის გოლით ავსტრიამ შვიდი თამაშიდან მეექვსე მოიგო, მაგრამ რაკი ბოსნია-ჰერცეგოვინამ რუმინელებს 3:1 აჯობა, საგზურის მოპოვება ვეღარ იზეიმა.
C ჯგუფში ბელარუსი დანიაში 2:1-ს იგებდა და საბოლოოდ 2:2 ითამაშა. ამან პირველ ადგილზე გასვლის იმედი შეუნარჩუნა შოტლანდიას, რომელმაც საბერძნეთში 2:3 წააგო. ყველაფერი ბოლო ტურში, გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე’’ სქოთებისა და დანიელების შეხვედრაში გაირკვევა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
