ლივერპულში სწამთ, რომ როგორც კი მათი სათაყვანებელი მეკარე ალისონი გამოჯანმრთელდება, გუნდი უკეთ ათამაშდება და ამიტომაც ელიან მის შესახებ ყოველ მომდევნო ცნობას დაძაბულები. საიტი thisisanfield ხაზს უსვამს, რომ რაც ბრაზილიელი დაშავდა, „წითლებმა’’ 7 შეხვედრიდან 4 წააგეს და 11 გოლი გაუშვეს. გიორგი მამარდაშვილის დებიუტი „ლივერპულის’’ შემადგენლობაში იმედისმომცემი იყო, მაგრამ ალისონის დაბრუნება ისეთი რამ არის, რის მნიშვნელობაც კარგად უნდა გვესმოდესო – წერს პორტალი და ბედნიერია, რომ სანაკრებო კვირეულის შემდეგ კარში კვლავ მათი გმირი დადგება.
შეგახსენებთ, რომ ალისონი „გალათასარაისთან’’ შეხვედრაში დაშავდა და მისი ადგილი მამარდაშვილმა დაიკავა.
კვირას „ლივერპული’’ მანჩესტერში „სიტისთან’’ თამაშობს. ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე მერსისაიდელთა მწვრთნელმა არნე სლოტმა სხვა საკითხებთან ერთად ტრავმირებულებზეც ილაპარაკა. მან თქვა:
„ალისონი სანაკრებო პაუზის შემდეგ ნამდვილად დაბრუნდება. აი, რაც შეეხება ჯერემი ფრიმპონგს… მასაც სანაკრებო პაუზის შემდეგ ველოდები, ოღონდ კონკრეტულად როდის, არ ვიცი. არ მგონია ჯერემი „ნოტინგემ ფორესტთან’’ შეხვედრისთვის მზად იყოს’’.
ჰოლანდიელი ოქტომბრის ბოლოს დაშავდა და თქვეს, რომ მის მკურნალობას ექვსი კვირა დასჭირდებოდა. შესაბამისად, ფრიმპონგს მოედანზე დეკემბრისთვის უნდა ველოდოთ.
22 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე „ლივერპული’’ 17 დღეში 6 შეხვედრას გამართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დაძაბულ პერიოდში კოლინ ბრედლიმ ფორმა უნდა შეინარჩუნოს. ფრიმპონგს აგრეთვე განიხილავდნენ მარჯვენა ფრთაზე მო სალაჰის შემცვლელად. მოგეხსენებათ, სალაჰი დეკემბრის შუაში აფრიკის თასზე სათამაშოდ გაემგზავრება და „ლივერპულს’’ გამოაკლდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
სიახლეები09/06/2026 | 08:15მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება
