დიდი მეკარეების თვისება

Home კატეგორიის გარეშე დიდი მეკარეების თვისება
დიდი მეკარეების თვისება

გიორგი მამარდაშვილი აცხადებს, რომ ის „ლივერპულში’’ ალისონის თადარიგში დასაჯდომად არ მოსულა და ორშაბათს „ბილბაოსთან’’ შეხვედრაში რეპუტაცია აიმაღლა კიდეცო, – წერს პორტალი Empire of the Kop. ის განმარტავს, რომ ქართველმა მეკარემ ესპანური ლა ლიგის გუნდთან ერთ დღეში ჩატარებული ორი ამხანაგური შეხვედრიდან მეორეში მიიღო მონაწილეობა და მართალია ორი გოლი გაუშვა, მაგრამ არნე სლოტის გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

Empire of the Kop წერს, რომ ლა ლიგის გუნდმა მატჩის მსვლელობისას ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. 70-ე წუთზე კოდი გაკპომ ცნობილი ტრიბუნის „კოპის’’ წინ გამარჯვების გოლი  გაიტანა, რომელიც უნაი სიმონის შეცდომის შედეგი იყო, მაშინ როდესაც მოედნის გადაღმა მისი ქართველი კოლეგა თავდაჯერებული იდგა.

თამაშის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე „ბილბაოს’’ შემადგენლობაში შეცვლაზე შესული მალკოლმ არესი მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და ისე დაარტყა, რომ ბურთი ცხრიანში უნდა შევარდნილიყო, მაგრამ მამარდაშვილმა გამაგრებული მუშტი დაახვედრა და კუთხურზე გადააგდო. ამით 24 წლის გოლკიპერმა „ლივერპულს’’ გამარჯვება შეუნარჩუნა.

ცოტა ხანში მან ინსტინქტურად ურკო ისეტასაც არ გაატანინა, — ვერ მიხვდა, რომ ის თამაშგარე მდგომარეობაში იყო და თანამსაჯს ალამი ჰქონდა აწეული.

ამ ზაფხულს „წითლებს’’ ძალიან არ უნდოდათ კევინ კელეჰერის გაყიდვა (ირლანდიელის სანაცვლოდ მათ 18 მილიონი გირვანქა აიღეს), რადგან ის რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინებულად ასრულებდა ალისონის შემცვლელის ფუნქციას, მაგრამ ტრანსფერი მაინც განხორციელდა, რადგან მისი შემცვლელი მოდიოდა ამის შესახებ ყველამ იცოდა — გასული წლის აგვისტოდან ცნობილი იყო, რომ „ლივერპულმა’’ „ვალენსიასგნ’’ მამარდაშვილი იყიდა. ინგლისური პორტალი წერს, რომ მათი მსოფლიოს საუკეთესო მეკარის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ 24 წლის ქართველმა „ბილბაოსთან’’ ისე ითამაშა, რომ თავის მომავალს სულ მცირე ზიანი არ მიაყენა.

მამარდაშვილს 90 წუთის განმავლობაში ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ როდესაც საჭირო გახდა საქმეში ჩაერია და „ლივერპული’’ გადაარჩინა. „ეს დიდი მეკარეების თვისებაა’’, ― წერს Empire of the Kop.

პორტალი დაბეჯითებით ამბობს, რომ თუ ტრავმა არ ექნა მომდევნო სეზონში პრემიერიგისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში „ლივერპულის’’ კარს აუცილებლად ალისონი დაიცავს, მაგრამ კვირას ინგლისის სუპერთასზე („ქომუნითი შილდი’’) გუნდის კარი შეიძლება მამარდაშვილს ანდონ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.