იტალიაში დასრულებული მსოფლიოს 20-წლამდელთა სარაგბო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მოიგო და ამ ქვეყნის ჰეგემონია რაგბზე უკვე გლობალურად და ყველა დონეზე დამყარდა.
გადამწყვეტ მატჩში „ლიტლ ბოკემ“, ანუ „პატარა ქურციკებმა“ ახალი ზელანდიის 20-წლამდელები 23:15 დაამარცხეს და ისტორიაში მეორედ გახდნენ საჩემპიონო ტიტულის მფლობელები. აქვე გეტყვით, რომ ზელანდიელებს 6 ჩემპიონობა დარჩათ, ინგლისელებს – 4, ფრანგებს – 3. ანუ 15 ტურნირი მხოლოდ 4 გუნდს მოუგია და არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ ახლო მომავალში რომელიმე სარაგბო ერი ამ კვარტეტის შიდა გარჩევებში ჩაერიოს.
თუმცა, ერთი მოულოდნელობა წლეულს მაინც მოხდა – „პუმიტასმა“ (არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები) მე-3 ადგილისთვის მატჩში მრისხანე ფრანგები 38:35 დასცა და ისტორიაში მეორედ დაისაკუთრა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები.
ბარემ ბოლო დღის ყველა ფინალს მივყვეთ: მე-5 ადგილი ავსტრალიამ დაიკავა, რომელმაც სრულიად არანორმალურ ბურთაობაში იმ მომენტში ჯერაც მოქმედ ჩემპიონ ინგლისს ანომალიური ანგარიშით სძლია – 68:40. მე-7 საფეხურზე ტურნირი მასპინძელმა იტალიელებმა დაასრულეს, რომელთაც უელსთან არცთუ იოლი ჯახი ჰქონდათ – 31:23. მე-11 ადგილზე ირლანდიის ნაკრები გავიდა, რომელმაც ბოლოადგილოსან ესპანეთს რის ვაი-ვაგლახით მოერია – 38:37.
მე-9 ადგილისთვის მატჩი განზრახ გამოვტოვეთ და ამაზე – უფრო ვრცლად. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბოლო მატჩი ერთობ არეული შემადგენლობით ჩაატარეს – მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ სატურნირო თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩში თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა იმ ბიჭებს, რომელთაც წინა 4 მატჩში ან საერთოდ არ უთამაშიათ, ან მოედანზე მცირე დრო გაატარეს. ამდენად, მიუხედავად „პატარა ნარშავებზე“ ბევრად სოლიდური თამაშისა, ანგარიში შედარებით მოკრძალებული მივიღეთ – 22:7. ჩვენმა ბიჭებმა 4 ლელო გაიტანეს, რომელთაგან სამი ვერ გარდასახეს, თორემ ანგარიში მეტად შთამბეჭდავი იქნებოდა. მიხეილ შიოშვილმა თანატოლი სქოთებიც ათრია – ეს ბიჭი იმდენად ღონიერია, რომ იუნიორებს კი არა, ზრდასრულებსაც არანაკლები წარმატებით დაარბევდა. ამ ჯერზე მიშომ ორი ლელო გაიტანა და ტურნირის მთავარი მელელოვეც გახდა – 7 ლელო 5 მატჩში!
საერთო ჯამში ქართველების გამოსვლამ ქომაგებზე ორაზროვანი შთაბეჭდილება მოახდინა – გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და მე-9 ადგილისთვის კი არა, მეხუთესთვის უნდა იბრძოდეს. მეორე მხრივ, ამდენი შეცდომის დაშვება, როგორც ვხედავთ, 20-წლამდელთა რაგბშიც დამღუპველია…
დაბოლოს, მთავარზეც: ბოლო სათამაშო დღის ზედ დადგომამდე გაცხადდა, რომ გაისად, 2026-ში, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპინატი საქართველოში, კერძოდ, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება! ესაა ქართული რაგბის მორიგი აღიარება, ოღონდაც საქართველო ტიერ 2-ის კვლავაც ერთადერთ წარმომადგენლად რჩება, რომელსაც ამ ტურნირის ჩატარება ანდეს, თანაც მეორედ. დროა, ეს დისკრიმაინაციული დამოკიდებულება მოისპოს და გაუქმდეს მსოფლიო რაგბის იარუსებად დაყოფა. თუკი ირლანდია, შოტლანდია და თუნდაც ფიჯი ტიერ 1-ს წარმოადგენენ, რატომ არ უმასპინძლიათ ამ ქვეყნებს 15-დან თუნდაც ერთი ტურნირისთვის?..
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 15:46ვიწყებთ უელსით
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 22:51ბრონკანის პირველი რაზმი
სიახლეები21/06/2026 | 22:19ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
