პსჟ ლოს ანჯელესში

Home კატეგორიის გარეშე პსჟ ლოს ანჯელესში
პსჟ ლოს ანჯელესში

Imageამერიკაში კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად ჩასულმა „პარი სენ ჟერმენმა’’ გადაწყვიტა მარკეტინგული და კომერციული ნაბიჯიც გადადგას. პარასკევს პარიზულმა კლუბმა ლოს ანჯელესში, ლეგენდარულ მელროუზ ავენიუზე დროებითი მაღაზია, პსჟ-ს სახლი გახსნა. ის შაბათის გარდა 23 ივნისამდე ყოველდღე მოემსახურება კალიფორნიაში მცხოვრებ ფანებს.

მაღაზიის გახსნაზე პარიზულ კლუბს ორი ვეტერანი კლოდ მაკელელე და ხავიერ პასტორე წამოადგენდნენ. მათ გარდა იყო ნბა-ს ვარსკვლავი ჯიმი ბატლერი ― პარიზული კლუბის დიდი გულშემატკივარი, „გოლდენ სტეიტ უორიორზის’’ მოთამაშე, 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

მაღაზიაში კალათბურთის ფარი იყო დამონტაჟებული, სადაც ბატლერმა ხალხს თავისი ოსტატობა აჩვენა. ამერიკელ კალათბურთელებსა და პარიზულ კლუბს შორის ეს ურთიერთობის პირველი პრეცედენტი არ არის. კევინ დიურანტი მცირე რაოდენობით კლუბის აქციებსაც ფლობს.

მაღაზიაში იყიდება ყველაფერი, რაც პსჟ-თან არის დაკავშირებული. მათ რიცხვში ახალი მაისურები, რომლის პრეზენტაცია ხვალ, პასადენაში მადრიდის „ატლეტიკოსთან’’ შეხვედრაში მოხდება.

მაღაზიის ექსპონატთა შორის არის ჩემპიონთა ლიგისა და იმ სამი თასის ასლები, რომლებიც ლუის ენრიკეს გუნდმა გასულ სეზონში მოიგო. გულშემატკივრებს მაღაზიაში შეეძლებათ ნახონ „პარი სენ ჟერმენის’’ სამივე მატჩი „ატლეტიკოსთან’’, „ბოტაფოგოსთან’’ და „სიეტლთან’’. გარდა ამისა მათ ექნებათ საშუალება დაესწრონ ღონისძიებებს, ნახონ დიჯეების და სთენდ აფის მსახიობთა გამოსვლები, ავიდნენ სახურავზე და საგანგებოდ დაგებულ მოედანზე ბურთიც კი გააგორონ. ასეთი ხერხით პსჟ ცდილობს ამერიკაში თავისი იმიჯი და ცნობადობა აამაღლოს. კლუბს ნიუ იორკში უკვე აქვს მაღაზია.

„პსჟ-ს ლოს ანჯელესში ხილვა შესანიშნავია. კარგია, რომ აქ მას თავისი სივრცე გაუჩნდა. კლუბი მასშტაბური გახდა, მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ყველაზე დიდი საქმე უკვე გაკეთებულია. კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი პარიზელებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ კიდევ უფრო ცნობილები. მე მსოფლიოში ბევრს ვმოგზაურობ და პსჟ-ს სიმბოლიკას ყველგან ვხედავ. კლუბი როგორც სპორტული, ასევე ბრენდის განვითარების თვალსაზრისით ბევრს მუშაობს’’, ― თქვა პასტორემ, 35 წლის არგენტინელმა, რომელიც „პარკ დე პრენსზე’’ 2011-18 წლებში თამაშობდა და მისი მაისურით 186 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.