თითო ლელო და ჯარიმა

Home დავთარი  თითო ლელო და ჯარიმა
 თითო ლელო და ჯარიმა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის წამყვან ლიგებში მორიგი ტური შედგა და ქართველმა ლეგიონერებმა თითო ლელო და ჯარიმა ტოპ 14-შიც მიითვალეს და პრო დე2-შიც.

ტოპ 14

ტურის სასტარტო მატჩში „კასტრმა“ „ლიონს“ უმასპინძლა, რომელსაც ნაკრებიდან დაბრუნებული ოთხი ბორჯღალოსანი დაემატა. ბოლო დროს ფერზე მოსულმა ლიონელებმა მეტოქეს მაგარი ბრძოლა გაუმართეს, შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იგებდნნ კიდეც, თუმცა, დარჩენილ დროში 2 ჯარიმა გაუშვეს და ოდენ სანუგეშო ბონუსს დასჯერდნენ.

ბექა საღინაძემ ნაკრებში მიღებული ტრავმა მოიშუშა და კასტრში სასტარტოში იყო. 27-ე წუთზე ლიონელებმა მასპინძლებს მოლით შეუტიეს, რომელიც რაქში გადაიაზარდა და ბოლოს ბურთი საღინაძემ აიტაცა, ხაზს იქით გადადო და სეზონში გამართულ მე-7 მატჩში მე-3 ლელო გაიტანა, სულ კი ბექას ანგარიშზე ტოპ 14-ის 47 თამაშში უკვე 8 ლელოა.

67-ეზე კი თავი დავით ნინიაშვილმა ისახელა, რომლმაც დაახლოებით 45 მეტრიდან საკმაოდ რთული ჯარიმა გაიტანა და „ლიონი“ უკანასკნელად დააწინაურა – 25:24, თუმცა, როგორც ითქვა, ბოლოს მასპინძლებმა იყოჩაღეს და 30:25 იმარჯვეს. ნინიაშვილმა კი ტოპ 14-ში ჩატარებულ 55-ე მატჩში ქულათა ჯამი 109-ს გაუტოლა. ირაკლი აფციაურიც სასტარტოში იყო, ხოლო ბექა შვანგირაძემ საღინაძე შეცვალა და ეს იყო ახალგაზრდა მესამეხაზელისთვის მე-10 მატჩი ტოპ 14-ის ეგიდით.

ლიდერი კვლავაც „ტულუზია“, რომელმაც „ბაიონი“ 41:3 გაანადგურა. მეორეზე კი „ტულონი“   ავიდა, რომელმაც დაბეჩავებული „სტად ფრანსე“ ბონუსით დაამარცხა – 24:6. გამარჯვებულთა შორის ბექა გიგაშვილი სასტარტოში იყო და თამაშის მიწურულს მის ნაცვლად ახალგაზრდა დავით მჭედლიძე შევიდა. პარიზელები კი ცხრილის ფსკერზე დაეშვნენ. მათ შემადგენლობაში სერგო აბრამიშვილმა თავისი 25-ე მატჩი ჩაატარა, მეორე ტაიმში კი მის ნაცვლად გიორგი მელიქიძე გამოჩნდა.

ექვსეულში ასევე „კლერმონიცაა“, რომელმაც „ბორდოდან“ ბონუსი წამოიღო (18:22), ხოლო გიორგი ახალაძემ ამ მატჩში სეზონში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

კიდევ ერთი  ღირსშესანიშნავი რამ: გურამ გოგიჩაშვილმა ტოპ 14-ში მე-100 მატჩი ჩაატარა და ეს მოვლენა ესოდენ მონატრებული გამარჯვებით გაალამაზა – მისმა „რასინგ-92“-მა მრისხანე „ლა როშელს“ სტუმრად 26:21 მოუგო და წაგებათა ნავსი გატეხა.

პრო დ2

„ორიაკმა“ 7 ქართველის დახმარებით „აჟენს“ 34:26 მოუგო. 7-დან 5 ჩვენბური სასატარტოში იყო და ორმა მათგანმა თავის ინდივიდუალურად გამოჩენაც მოახერხა. კერძოდ, ნაკრებიდან დაბრუნბულმა დაჩი პაპუნაშვილმა მე-8 წუთზე მოედნის ცენტრიდან ფანტასტიკური ჯარიმა გაიტანა, რომელმაც მისი ჯამური მონაგარი ლიგის 18 მატჩში 46 ქულას გაუტოლა, ხოლო 54-ეზე კაი გვარიანი მუშტი-კრივი „აჟენის“ ზორბა ირლანდიელ მეორეხაზელ ჯონ მადიგანს გაუმართა და კარიერაში პირველად აღმოჩნდა სინბინში.

ამის შემდეგ კი, 61-ე წუთზე „ორიაკმა“ დერეფანი მოიგო, იდეალური მოლი ჩამოაყალიბა, სირბილით მივიდა ლელოსთან სადაც ბურთი ლუკა ნიორაძემ დაამიწა. ეს იყო ქართველი კვაჭის მე-5 ლელო მიმდინარე სეზონში, ხოლო სულ მისი კარიერა პრო დე2-ის 99 მატჩსა და 15 ლელოს ითვლის.

 

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.