ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ „ტულუზთან’’ 0:0 დამთავრებულ შეხვედრაში კარში სულ სამჯერ დაარტყა. ძნელი სათქმელია რამდენად ობიექტურად ასახავს flashscore-სა და whoscored-ის სტატისტიკაზე დაყრდნობილი შეფასებები ფეხბურთელთა თამაშს, მაგრამ ორივე პორტალმა გიორგის თანაგუნდელთა შორის ყველაზე დაბალი ქულა დაუწერა: 6.5 და 5.8.
გუნდის თამაშით განაწყენებულმა ლიონელ გულშემატკივართა ცნობილმა დაჯგუფებამ Bad Gones („ბედ გონ’’ ანუ „ცუდი ბიჭები’’) მატჩის შემდეგ ფეხბურთელების ტრიბუნასთან მოხმობა მოახერხა. ალექსანდრ ლაკაზეტის არყოფნაში მოთამაშეთა მხრიდან ლიდერის როლი კაპიტანმა კორენტენ ტოლისომ ითავა. მის გარდა „ცუდი ბიჭების’’ ლიდერებთან მივიდნენ მიქაუტაძე, რაიან შერკი და მწვრთნელი პიერ საჟი. გაიმართა ხანგრძლივი დისკუსია. რაღაც მომენტში ვითარება დაიძაბა, მხარეებმა ტონს აუწიეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ფეხბურთელების გამხნევებითა და ერთობით დასრულდა.
მოგვიანებით DAZN-მა მიქაუტაძეს ჰკითხა, თუ რა მოხდა დისკუსიის დროს, მაგრამ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ამბის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა: „ეს ჩვენ და გულშემატკივრებს გვეხება და ჩვენს შორის დარჩება, – თქვა მან და დასაძინა, – ვიბრძოლეთ, მაგრამ გოლის გასატანად ბოლო პასი და კარგი დარტყმა გვაკლდა. სამაგიეროდ, ოთხშაბათთან შედარებით (მარცხი სათასო შეხვედრაში ფრანგული იერარქიის მეოთხე ლიგელ „ბურჟუან ჟალიუსთან’’) თავი სხვანაირად წარმოვაჩინეთ’’.
შემდეგი შეხვედრა „ლიონს’’ ევროლიგაზე 23 იანვარს სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან’’ აქვს, 26-ში კი ლიგა 1-ის შეხვედრაში „ნანტს’’ უნდა ესტუმროს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
