თურქეთმა მორიგ დიდ შედეგს მიაღწია — ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა, მაგრამ ამ დიდ ზეიმს ჩეხებთან თამაშის მიწურულს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან, კერძოდ კი თავდამსხმელ ტომაშ ჩორისთან ჩხუბით ჩრდილი მიადგაო, წერს ესპანური AS. მადრიდულ გამოცემას თურქების ამბავი განსაკუთრებით იმიტომ აინტერესებს, რომ 19 წლის არდა გიულერი „რეალის” ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე თურქეთთან საქართველოს ნაკრებმაც ითამაშა და 1:3 წააგო. ამ შეხვედრაში გიულერმა გიორგი მამარდაშვილის კარში აუღებელი, ულამაზესი გოლი გაიტანა.
ჩეხებთან ჩხუბს ბუნებრივია მოთამაშეების ყვითელი ბარათით დასჯა მოჰყვა. მსაჯმა გააფრთხილა ხსენებული გიულერი (მატჩის დამთავრების შემდეგ), აიჰანი და ქოჩქუ. ესპანურ გაზეთს მიაჩნია, რომ გიულერმა, რომელიც ვინჩენცო მონტელამ წინა ტურში ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშა, ამ ყვითელი ბარათით თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო. თურქები მერვედფინალში ავსტრიას ხვდებიან და თუკი გიულერს ამ შეხვედრაშიც გააფრთხილებენ, მას შესაძლოა მეოთხედფინალის გამოტოვება მოუხდეს.
ორი ყვითელი აქვთ ჩალჰანოღლუსა და აქაიდინს. ისინი ავსტრიასთან ვერ ითამაშებენ. „ინტერის” ნახევარმცველი ჩალჰანოღლუ თურქეთის ნაკრებისთვის დიდი ძალაა.
ამდენად, სამშაბათს, ავსტრიელებთან გიულერის როლი იზრდება. თურქულმა მედიამ „რეალის” ნახევარმცველი ჩეხებთან თამაშის მერე აქო და დადიდა. „არდა გიულერთან ერთად დიდ წარმატებაზე შეგვიძლია ვიოცნებოთ”, — მადაზე მოვიდა „ფანატიკი”. პრესა ანკარელ ვარსკვლავს წარმოუდგენლად უჭერს მხარს. პორტუგალიასთან შეხვედრაში მისმა არყოფნამ, თურქეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
რაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, უკვე თორმეტმა(!) თურქმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი. როგორც ჩანს მათი ჭარბი ენერგია ხშირად მათთვისვე არასასურველ მიმართულებას იძენს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
