„ღიმილი, რომელიც ობიექტურად თუ ვიტყვით იტალიის ნაკრებისთვის არასახარბიელო მატჩის დასრულებიდან 30 წამის შემდეგ ვიხილეთ, მთელი 97 წუთისა და 30 წამის განმავლობაში არსად ჩანდა. სამაგიეროდ, ყველანი ვუყურებდით მორიგ პრობლემებით სავსე შეხვედრას. ამ პრობლემებზე ლაპარაკი კი წინა მატჩების გახსენების გარეშე ძნელია. მათ პირველად წინა დღეებში წამოყვეს თავი. მაგრამ, ფეხბურთს ერთი ამოსუნთქვით მოსაყოლი ზღაპრების შემოთავაზება უყვარს და ამის წყალობით დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ იტალიის ნაკრები ევროზე სვლას განაგრძობს. მთავარიც სწორედ ეს არის, მითუფრო, რომ გუნდმა გზად შეიძლება თამაშის ხარისხიც გააუმჯობესოს“, ― დაწერა იტალიისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრის შემდეგ calciomercato-ს მიმომხილველმა სანდრო საბატინიმ.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი ხორვატებსა და იტალიელებს შორის 1:1 დამთავრდა. ანგარიში 55-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა გახსნა, ოღონდ გოლამდე წამებით ადრე მან პენალტი ვერ გაიტანა ― ჯანლუიჯი დონარუმამ აუღო. ხორვატთა საბედნიეროდ უიღბლოდ დაწყებული კომბინაცია გაგრძელდა და მოდრიჩმა მაინც შეძლო ბურთის კარში შეგდება.
იტალიელებმა ანგარიში 90+8 წუთზე გაათანაბრეს. ესპანელებთან შეხვედრაში ავტოგოლის ავტორის რიკარდო კალაფიორის პასით მატია ძაკანიმ „სკუადრა აძურას“ B ჯგუფში მეორე ადგილი და ფლეი-ოფში შვეიცარიასთან თამაშის უფლება მოუტანა. ხორვატები შეჯიბრებას გამოეთიშნენ.
საბატინიმ კი განაგრძო: „ის, რომ იტალიის ნაკრები ნამდვილი მებრძოლი გუნდია, სადავო არ არის, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ის ფლეი-ოფში იღბლის დახმარებით გავიდა. ხორვატებთან შეხვედრამ დასკვნებისა და იდეებისკენ უნდა გვიბიძგოს. ამას რომ ვამბობ თამაშის სისტემას კი არ ვგულისხმობ, არამედ ფეხბურთელებზე მივუთითებ, რადგან ხშირად ისინი, ვინც შეცვლაზე შედიოდნენ გუნდს უფრო მეტს სძენდნენ, ვიდრე სასტარტო შემადგენლობის წევრები“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
