ჩვენ ვისრვით ტყვიებს და ვყრით გვამებს!

Home კატეგორიის გარეშე ჩვენ ვისრვით ტყვიებს და ვყრით გვამებს!
ჩვენ ვისრვით ტყვიებს და ვყრით გვამებს!

Angel Di Maria of Benfica reacts during the Liga Portugal Bwin match between FC Famalicao and SL Benfica at Estadio Municipal de Famalicao on May 5,...არგენტინის უსაფრთხოების მინისტრმა პატრისია ბულრიჩმა ცნობილი ფეხბურთელის ანხელ დი მარიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ნარკოტერორიზმი უწოდა. მან ქალაქი როსარიო დაადანაშაულა ნარკოტერორიზმში.

„დი მარიას მამას ორჯერ თუ სამჯერ ველაპარაკე. ოჯახი ძალიან დაზაფრულია. მე მათი კარგად მესმის. კრიმინალები შესაშინებლად ცნობილ ხალხს ირჩევენ. ამას ნარკოტერორიზმს ვეძახი.

ჩამოვლენ თუ არა როსარიოში, ეს დი მარიასა და მისი ოჯახის გადასაწყვეტია. ადგილობრივი სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, რომ ტურისტების რაოდენობამ იმატა. იმედი მაქვს, ვითარება მოწესრიგდება. ბოლო ოთხ თვეში მკვლელობების რაოდენობა 50 პროცენტით შევამცირეთ. ქალაქი ცხოვრების ნორმალურ რიტმზე გადადის, რაც იმედს მიჩენს, რომ დი მარია დაბრუნდება”, — უთხრა ბულრიჩმა Radioinforme 3-სა და Cadena 3 Rosario-ს.

არგენტინელი მინისტრის თქმით როსარიოს ორი სახე აქვს: სიცოცხლით სავსე ქალაქისა და ქალაქის, რომელშიც ადამიანი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ბოლო ხანებში, მაგალითად იქ ოთხი შემთხვევითი გამვლელი მოკლეს.

დი მარია, მოგეხსენებათ „ბენფიკაში” თამაშობს. ადრე ის გამოდიოდა მშობლიურ „როსარიო სენტრალში”, „რეალში”, „მანჩესტერ იუნაიტედსა” და „პარი სენ ჟერმენში”. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ კარიერის დასრულება „როსარიო სენტრალში” სურს, რასაც მუქარის ტალღა მოჰყვა. მამამისმა მიიღო გაფრთხილება, რომელშიც ეწერა, რომ თუ ფეხბურთელი დაბრუნდებოდა, მათი ოჯახის რომელიმე წევრს მოკლავდნენ.  ადგილობრივი გუბერნატორი სასიმილიანო პულაროც ვერ გიშველისო.

„უთხარი შენს შვილს, რომ ჩვენ სიტყვას ჰაერში არ ვისვრით. ჩვენ ვისვრით ტყვიებს და გვამებს ვყრით”, — წერდნენ კრიმინალები.

პატრისია ბულრიჩი იმედოვნებს, რომ ეს „როსარიო სენტრალის” რომელიმე კონკურენტი გუნდის გულშემატკივრის უშნო ხუმრობაა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.