სასუოლო კვარას და ოსის კარიერაში

Home აქეთურ-იქითური სასუოლო კვარას და ოსის კარიერაში
სასუოლო კვარას და ოსის კარიერაში

თავისებური გუნდია „სასუოლო”. მასთან თამაშის დროს „ნაპოლის” თავდამსხმელები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია მადაზე მოდიან. მათ სერია A-ს ბოლო ტურში ხუთი გოლი გაიტანეს და ორი საგოლე პასი შეასრულეს. ამ საგოლე პასებზე (განსაკუთრებით ოსიმენისაზე) რასაკვირველია შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ფორმალურად ორივე პასი საგოლე იყო და ამიტომ calcionapoli24-ში დაწერილი სტატიის განხილვა გავარგრძელოთ.

ოსიმენს სერია A-ში, „სასუოლოს” კარში, უკვე 9 გოლი აქვს გატანილი. ნიგერიელს ამდენი იტალიის ჩემპიონატში სხვა არავისთვის გაუტანია. „ნეროვერდისთან” გამართული ბოლო ხუთ შეხვედრაში მას მოედანი გოლის გარეშე ერთხელაც არ დაუტოვებია. „აძურის” ფორვარდს ასეთივე შედეგი აქვს „კალიარისა” და „უდინეზესთან”. გარდა ამისა ოსიმენმა „სასუოლოსთან” ორი საგოლე პასიც შეასრულა და ორ წელიწადში მეორე ჰეთ-თრიკი მიითვალა.

ხვიჩა კვარაცხელიამ კი ემილიელებთან თამაშის დროს უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა სამ გოლში. პირველად ეს 2022 წლის 29 ოქტომბერს მოხდა. მაშინ „ნაპოლიმ” „ნეროვერდის” შინ 4:0 მოუგო (იხ, ვიდეო). ქართველმა ერთი გოლი თავად გაიტანა, ოსიმენს კი ორი საგოლე პასი მიაწოდა. ახლა ამას ორი გოლი და ერთი საგოლე პასი დაემატა. ჯამში, იმდენ გოლში, რამდენშიც „სასუოლოს” წინააღმდეგ კვარაცხელიას სხვა გუნდებთან თამაშისას მონაწილეობა არ მიუღია: ოთხი გოლი და ოთხი საგოლე პასი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.