იტალიის სატელევიზიო პროგრამა le lene-მ ჰუდწამოფარებული ინკოგნიტო მსაჯის მორიგი ეპიზოდი გამოამზეურა. მოქმედმა არბიტრმა, რომელიც თავის ვინაობას მალავს და კოლეგებს ამხელს, მიმდინარე სეზონში მსაჯების მიერ დაშვებული ახალი შეცდომების შესახებ ილაპარაკა. პარალელურად ჟურნალისტმა ფილიპო რომამ ინტერვიუ ჩამოართვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას, რომელმაც თავის მხრივ ინკოგნიტო მსაჯს სიმხნევისკენ და ღიად საუბრისკენ მოუწოდა.
„მხილება მამაცური, დასაფასებელი საქციელია, მაგრამ ყოველ მხილებას საფუძვლიანი დამტკიცება სჭირდება. ამიტომ, ნებისმიერი მტკიცებულება, რისი შეგროვებაც შეიძლება, ჰუდების გარეშე უნდა იქნას წარმოდგენილი. მე მაქსიმალური გაჭვირვალობის მომხრე ვარ. ინკოგნიტო მსაჯს არაფრის უნდა ეშინოდეს, რადგან თუ ის ეპიზოდები, რომლებიც მან ჩამოთვალა, ნამდვილია, მას შეუძლია და არა მარტო შეუძლია, არამედ ვალდებულიცაა საქმეს ოფიციალური სახე მისცეს. ვიმეორებ, მას არაფრის უნდა ეშინოდეს. ჩვენ მის საქციელს ვაფასებთ და დაცვას ვპირდებით. მსაჯების დაცვა ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”, — თქვა გრავინამ.
ანინიმური მსაჯი: „ჯერ ვერ მიპოვეს, მაგრამ არ წყდება ინტენსიური ძებნა ფართო ფრონტით. ეჭვი რამდენიმე მსაჯზე მიიტანეს, დაასახელეს მათი სახელები. მე ჯერჯერობით თავისუფალი ვარ და თქვენთან თავუსუფლად შემიძლია ლაპარაკი. კვლავ შემიძლია ვამხილო შეცდომები, თუ რა არ ხდება სწორად მსაჯთა სამყაროში.
— ბოლო პერიოდში რა ეპიზოდები იყო, რომელთა გამოყოფაც საჭიროდ მიგაჩნიათ?
„ბოლოს წინა ტურში, „ფიორენტინასა” და „ინტერის” შეხვედრაში ფლორენციელების სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნეს. ბასტონი „ფიორენტინას” მოთამაშე რანიერის დიდხანს ებღაუჭებოდა. ის ბურთისთვის საერთოდ არ იბრძოდა, მხოლოდ მოწინააღმდეგის შებოჭვა უნდოდა. ამ ეპიზოდში VAR-თან მჯდომი მარინი ვალდებული იყო მსაჯ ჯანლუკა აურელიოანოსთვის ეთქვა, რომ მომხდარის შემოწმებაა საჭირო. ამავე შეხვედრაში იყო კიდევ ერთი მომენტი: ბურთის მოსაგერიებლად გამოსულმა „ინტერის” მეკარემ ზომერმა ფლორენციელ ნძოლას მუშტი მიარტყა. VAR-ის მოთხოვნით მსაჯმა გამეორება მონიტორზე ნახა და პენალტი დანიშნა. საინტერესოა, რომ ზუსტად ასეთივე მომენტი იყო გასულ სეზონში „კალიარისა” და „მილანის” შეხვედრაში, მაგრამ მაშინ ვერც მსაჯმა შეამჩნია, რომ მილანელთა მეკარემ წესი დაარღვია და არც VAR-მა ურჩია მას ეპიზოდის შემოწმება. როგორც ხედავთ, ერთი და იმავე დარღვევის დროს VAR ხან აჩერებს თამაშს, ხან არა. ასეთი არათანმიმდევრულობა გულშემატკივარს არღვევს. არ დაგიმალავთ და ვიბნევით ჩვენ, მსაჯებიც.
ცუდი მსაჯობა „ნაპოლის” წინააღმდეგ.
„ნაპოლისა” და „ვერონას” შეხვედრაშიც იყო აშკარა პენალტი, როდესაც კაბალმა თავისი მარჯვენა ფეხი კვარაცხელიას მარჯვენა ფეხს გამოსდო და ბურთს ამის შემდეგღა შეეხო. ტექნიკურად, ეს ეპიზოდი ორ ნაწილად უნდა დაიყოს. პირველ ფაზაში მცველმა თავდამსხმელის წინააღმდეგ წესი დაარღვია, რასაც სასჯელი უნდა მოჰყოლოდა, და ის, რომ მეორე ფაზაში მცველი ბურთსაც შეეხო პენალტის დანიშვნის თვალსაზრისით აღარაფერს ნიშნავს. მსაჯი შეცდა, როდესაც ამ ეპიზოდში წესის დარღვევა ვერ დაინახა, მაგრამ გასაოცარია VAR-ის საქციელი, რომელიც საქმეში რატომღაც საერთოდ არ ჩაერია. არადა, ვიდეოჩანაწერში ყველაფერი მკაფიოდ ჩანდა.
მსაჯობის თვალსაზრისით „ნაპოლის” უსიამოვნო პერიოდი ჰქონდა. დე ლაურენტისი მართალია, როდესაც არაობიექტურ მსაჯობაზე ჩივის, მაგრამ ამ ჩივილს ჯერ შედეგი არ მოჰყოლია.
შეფასება
„მართალია, 2020 წლის შემდეგ რაღაცები შეიცვალა და სამსაჯო საქმეში გამჭვირვალობა მართალია ოდნავ, მაგრამ მაინც გაიზარდა, ყოველი მატჩის ბოლოს ჩვენ ვიცით, რომ დამკვირვებლები შეგვაფასებენ, მაგრამ 90 პროცენტით სისტემა ჯერ მაინც ძველებურია. სანამ ყველაფერი ერთი კაცის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელშია და სანამ ძალაუფლება რეალურად არ გაიყოფა, სანამ ნამდვილი კრიტიკა არ გახდება შესაძლებელი, პრობლემები პრობლემებად დარჩება”, — თქვა დასასრულ ინკოგნიტო მსაჯმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
