calcionapoli1926-ის ჟურნალისტი ემანუელა კასტელი წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა გაზის პედალს ფეხი მიაჭირა — „ნაპოლის” პრეზიდენტი აპირებს გააკეთოს ის, რაც ზაფხულში ვერ შეძლო: მწვრთნელად მიიყვანოს ანტონიო კონტე. „პარტენოპეელთა” მეპატრონისთვის „იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელმაც გუშინ ანიელების ოჯახის საუკუნოვან იუბილეში მიიღო მონაწილეობა, სწორედ ის ფიგურაა, რომელსაც დაეძებს. ADL-ს სწამს, რომ იტალიის ნაკრების, „ატალანტას”, „იუვეს” „ჩელსის”, „ინტერის”, „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და სხვა გუნდების ყოფილი თავკაცი „ნაპოლის” ტექნიკური და ემოციური ხრამიდან ამოიყვანს.
ამ თემას წერილი დღევანდელმა „კორიერე დელო სპორტმაც” მიუძღვნა: „აურელიო დე ლაურენტისმა „ნაპოლის” ხელახალი დაბადებისა და მომავლისთვის უკვე შეარჩია კანდიდატურა. ეს ანტონიო კონტეა. პრეზიდენტი მასზე ჯერ კიდევ მაისში ფიქრობდა და აი, ხუთი თვის შემდეგ იდეა დაბრუნდა. ახლა შეიძლება ყველაფერი კარგად აეწყოს: გუნდში კრიზისი იზრდება; სასწრაფოდ ჩარევაა საჭირო. დე ლაურენტისი ცდილობს რაც შეიძლება მალე ჩაატაროს ხსნის ოპერაცია.
დაბნეულ და იმედგაცრუებულ „ნაპოლის” საქმე არც სერია A-ში აქვს სახარბიელოდ და არც ჩემპიონთა ლიგაში. ალბათ ტყუილად არ უწოდა დე ლაურენტისმა კონტეს ჯერ კიდევ 2018 წელს მეგობარი და დიდი მხედართმთავარი”. ბლეფი არ გეგონოთ, „ნაპოლიმ” კონტეს მწვრთნელობა და ლიდერობა შესთავაზა და პასუხად მადლობის ნაცვლად დაინტერესებული კაცის ღიმილი მიიღო. მწვრთნელის „ტოტენჰემიდან” წასვლის შემდეგ შვიდი თვეა გასული. ის მოლაპარაკებებისთვის მზად არის. მოლაპარაკებები რეალურია. მოლაპარაკებები წინ მიიწევს და ფართოვდება. შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმიზმის ნოტებიც კი ჩანს”.
დღეს მთელი იტალიური მედია ყურადღებას ამახვილებს კონტეს წუხანდელ კომენტარზე. ანიელების იუბილეზე მასთან „სქაი სპორტის” კორესპონდენტი მივიდა და „ნაპოლიში” შესაძლო გადასვლაზე ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „ჩვენ ყოველთვის უნდა გამოვიჩინოთ პატივისცემა და განათლება. მოდი დღევანდელი საღამოთი მივიღოთ სიამოვნება”.
კონტეს ასეთ პასუხში ბევრმა უპირველეს ყოვლისა ის დაინახა, რომ მან კორესპონდენტი ცივი უარით არ გაისტუმრა და „ნაპოლის” ხსენებაზე თავი შორს არ დაიჭირა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
