კვარაცხელია გარსიასთვის შეუცვლელი არ არის

Home კატეგორიის გარეშე კვარაცხელია გარსიასთვის შეუცვლელი არ არის
კვარაცხელია გარსიასთვის შეუცვლელი არ არის

Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli competes for the ball with Mehdi Léris and Alessandro Zanoli of UC Sampdoria ,during the Serie A match between UC...შუქსა და ჩრდილს შორის. რუდი გარსია უკვე დიდი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. მწვრთნელმა თქვა, რომ „მარასიზე” სინათლემ სათადარიგოთა სკამიდან გამოანათა, მაგრამ ამ სინათლეს ანეიტრალებდა სახიფათო ჩრდილი, რომელიც კვარაცხელიას საკითხის გამო მიადგა. ქართველ ტალანტს სეზონის დასაწყისში ცუდი პერიოდი უდგას.

ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც იხსენებ, თუ რა ეფექტი მოახდინა სამოცდამეჩვიდმეტე ნომერმა შარშან. ხვიჩას რამდენიმე თვეა გვალვიანი პერიოდი უდგას, სულ ახლახან გამოჯანმრთელდა კუნთის მრავალრიცხოვანი პრობლემებისგან და ფრანგმა მწვრთნელმაც გადაწყვიტა ის ნელ-ნელა შეეყვანა შემადგენლობაში, მისთვის სათამაშო დრო ნელ-ნელა მოემატებინა. იმაში რაც აქამდე ვთქვით თითქოს ცუდი არაფერია, მაგრამ შაბათ საღამოს გენუის სტადიონზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კვარას შეცვლამ ბოლო წუთებში, დამაგვირგვინებელი მიწოლის ეტაპზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საუკეთესო ფორმაში აშკარად არ არის, როდესაც ბურთს იღებს მაინც „ნაპოლის” ყველაზე სახიფათო ფეხბურთელად რჩება. და სწორედ მაშინ, ბოლო წუთებში, მას შეეძლო თავისი წვლილი შეეტანა სენსაციურ „რემუნდატაში” (თამაშის შემოტრიალება), განსაკუთრებით თუ მატჩის პირველ ნახევარ საათს გავიხსენებთ. ამის ნაცვლად კი 77 ნომერი „მარასის” მოედნის მიღმა, სარეკლამო დაფასთან გამოჩნდა — ის მოედანს ტოვებდა. მის მაგივრად ძერბინი შევიდა.

კვარაცხელია, რომელმაც „ფროზინონესთან” პირველი შეხვედრა გამოტოვა, გარსიამ აუჩქარებლად დააბრუნა საქმეში, ჯერ „სასუოლოსთან” შეცვლაზე შეიყვანა, შემდეგ კი „ლაციოსთან” სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, ოღონდ მე-60 წუთზე შეცვალა. ხოლო გენუაში ქართველმა ფაქტობრივად მთელი მატჩი ჩაატარა. მართალია, მთლიანობაში ის უსახური იყო, მაგრამ რამდენიმე გამონათება მაინც მოახერხა — მეურვეებს ყვითელი ბარათები მიაღებინა და კარში დარტყმასაც ცდილობდა.

და ის, რომ გარსიამ კვარა მატჩის გადამწყვეტ მომენტში მოედნიდან გაიყვანა, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ფრანგ მწვრთნელს ხვიჩა არ მიაჩნია საკვანძო ფეხბურთელად, რომელსაც შეიძლება ენდო. მოთამაშედ, რომელსაც თამაშის გადარჩენა ხელექიფება, მითუფრო მაშინ, როდესაც საუკეთესო ფორმაში (ჯერ) არ არის. ამ ეტაპზე ასე ჩანს. ყოველ შემთხვევაში, თამაშის დროს მიღებული გადაწყვეტილებებიდან ასე გამოდის. რამდენიმე დღეში კი ჩემპიონთა ლიგის მატჩია და გამოჩნდება გარსიას ქართველი სხვებივით პაიკად მიაჩნია თუ იმ ვარსკვლავად, რომელიც მთელს ნეაპოლს ახსოვს და რომლის ძველებურად აკაშკაშებასაც სულმოუთქმელად ელოდება. იქნებ ეს ჩემპიონთა ლიგის ტკბილი მელოდიის ფოზე მოხდეს.

ეუჯენიო მაროტა, IL MATTINO

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.