მსოფლიო რაგბის რეიტინგში გადაადგილებები გასულ უქმეებზე გამართული მატჩების შემდეგაც დაფიქსირდა.
ჯერ ის ვთქვათ, რომ რაგბი ჩემპიონშიპის ბოლო ტურში „ოლ ბლექსმა“ ავსტრალიაც დაამარცხა (სტუმრად 38:7), 14 ჯამური ქულით სამხრეთ ნახევარსფეროს ჩემპიონი გახდა და გზად „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში საფრანგეთი მეორე საფეხურიდან ჩამოაჩოჩა.
ამავე ტურნირში სამხრეთ აფრიკამ არგენტინას რის ვაი-ვაგლახით – 22:21 აჯობა, ხოლო შოტლანდიამ ტესტ-მატჩში იტალიას უასპინძლა და 25:13 სძლია. ამ შედეგებს რეიტინგზე არ უმოქმედია.
აი, წყნარი ოკეანის ერთა თასის გათამაშებამ კი, როგორც ერთი კვირის წინ ვივარაუდეთ, ტოპ-ათეულის მიწურული და მეორე ათეულის დასაწყისი კვლავ გვარიანად არია.
პროგნოზი გაგვიმართლდა და ფიჯიმ სამოას სტუმრად მოუგო – 33:19. მეორე შეხვედრაში კი იაპონიამ საკუთარ მოედანზე დიდი გაჭირვებით აჯობა ტონგელებს – 21:16.
რეიტინგში კი, აი, რა მოხდა. ფიჯიმ უფრო მაღალი რეიტინგის მქონე სამოას ძლევით ბლომად ქულები მოიხვეჭა და მე-13 ადგილიდან ერთბაშად მეათეზე აღზევდა, სამოამ კი ამდენივე დაკარგა და ზუსტად იგივე მიმართულებითა და დოზით გადაადგილდა – მეათედან მეცამეტეზე.
იაპონიას დაბალრეიტინგიანი ტონგას ძლევამ ვერაფერი შემატა და „მამაცი საკურები“ მე-12 ადგილზე დარჩნენ. საქართველო კი, როგორც შეხვდა ამ ზაფხულს მე-11 ადგილზე, ისე რჩება ამ საფეხურზე.
მომავალ შაბათს შექმნილი სურათი შესაძლოა კვლავაც შეიცვალოს – იაპონია ფიჯის უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში დაიბრუნებს მე-10 საფეხურს, ხოლო „მფრინავი ფიჯელები“ კვლავ გადაახტებიან ბორჯღალოსნებს, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. სამოა ტონგას მიიღებს და თუ წააგო, სულაც მე-14 ადგილზე ჩამოგორდება და წინ იტალიას გაატარებს, რომელიც, სავარაუდოდ ქულებს ვერ დააგროვებს, რადგანაც რთული წარმოსადგენია, რეიტინგის ლიდერ ირლანდიასთან სტუმრობიდან რამე სარგებელი მიიღოს.
საქართველო კი ზაფხულის „გასახურებელ“ მატჩებს 12 აგვისტოს რუმინეთის მასპინძლობით დაიწყებს…
1 (1) ირლანდია 91.82
2 (3) ახალი ზელანდია 90.77
3 (2) საფრანგეთი 90.47
4 (4) სამხრეთ აფრიკა 88.36
5 (5) შოტლანდია 82.77
6 (6) ინგლისი 82.12
7 (7) არგენტინა 81.47
8 (8) ავსტრალია 79.87
9 (9) უელსი 78.08
10 (13) ფიჯი 76.86
11 (11) საქართველო 76.23
12 (12) იაპონია 76.13
13 (10) სამოა 75.95
14 (14) იტალია 74.63
15 (15) ტონგა 70.53
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
