იტალიის ჩემპიონის „ნაპოლის” ყოფილ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მშობლიურ ჩერტალდოში სხვა ტოსკანელ ჩემპიონ-მწვრთნელებთან ერთად შეხვედრა მოუწყვეს. სპალეტიმ საღამოზე თავისი შთაბეჭდილებებისა და გეგმების შესახებ ილაპარაკა. ქვემოთ გთავაზობთ მის სიტყვებს:
…ნეაპოლში ენთუზიაზმს და სიხარულს მიმაჩვიეს. აქ ყველაფერი სხვანაირად არის. მე კვლავ ვაღებ მოგონებათა ყუთს და ვხედავ, რომ ქალაქი და ჩემი სიყმაწვილის მეგობრები შეცვლილან. შუქნიშნებიც კი დაუყენებიათ…
…ერთწლიანი შესვენება (Sabbatical year)? ეს ტერმინი თქვენ მოიგონეთ და ახლაც იმეორებთ. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ სულის მოთქმა მჭირდება. ცოტას დავისვენებ, მერე კი გადავხედავ, რა მელის და რა მჭირდება. მინდოდა დავმჯდარიყავი, სხვა მწვრთნელებისგან მესწავლა. რაც შეეხება შესვენებას, ეს ჩემს ბუნებაში არ ზის. ახლა ვერ გატყვით, დავუბრუნდები თუ არა საქმეს შემდეგ წელიწადს. მოთხოვნილებები იცვლება. ადამიანს სხვა რაღაცები იტაცებს…
…მომდევნო თავგადასავალი? ადამიანს ყოველთვის სჭირდება თამაშის ჟინი, ბურთით გატაცება, მაგრამ ხშირად განსაკუთრებულ რაღაცებს არ ვაკვირდებით. მე აღტაცებას ვეძებ, ვეძებ გრძნობას, რომელიც ამ ყველაფრის მიღმაა. ნეაპოლში ენითაუწერელი სიამოვნება მომანიჭეს. მიუხედავად იმისა, რომ დიდ წარმატებას მივაღწიეთ, ვერანაირი დიდებულება ვერ გაუტოლდება იმ სიამოვნებას, რაც მათთან განვიცადე. მათ მიერ მონიჭებულ სიხარულს ვერ გადავიხდი და ამიტომ, მე ყოველთვის „ნაპოლის” დამცველი ვიქნები…
…ლიგა და ბაზარი? მე ვხედავ იმავე გუნდებს და დიდ მოწადინებას. ზოგი გუნდი ამა თუ იმ ფეხბურთელს ყიდის, მაგრამ ეს ნორმალურია. ყველაფერი საბანკო ანგარიშებზეა დამოკიდებული. გარშემო ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, მთავარია შენთვის მისაღები გარემო შექმნა. ამ თვალსაზრისით „ნაპოლი” გამორჩეულია. მათ განსაკუთრებული ფეხბურთელები ჰყავთ: კვარა, ოსიმენი, დი ლორენცო. „ინტერი”, „იუვე” და „მილანი” კი თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ. „ფიორენტინა”? ჩვენ, ტოსკანელები, იტალიელებს უნდა ვენდოთ…
…ვინმესთან მქონია თუ არა კონფლიქტი? მე ვერავინ ვნახე, ვისაც ჩემთან ჩხუბი ენდომებოდა, ხოლო თუ ჩემთან კონფლიქტი არ უნათ, არც მე მინდა სხვასთან კონფლიქტი. დამოკიდებულებაც მუდამ ერთი მქონდა: არა „აქ მე გავცემ ბრძანებებს”, არა „აქ ის გასცემს ბრძანებებს”, არა „აქ ისე უნდა გაკეთდეს, როგორც მე ვამბობ”, არამედ უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ჭკვიანი ხალხი ამბობს. ჭკვიანი კი ის არის, ვინც ჭკვიანურად ლაპარაკობს. თუ ვინმე ჩემზე გონივრულად ლაპარაკობს, ვაკეთებ ისე, როგორც მან თქვა. დათანხმების და სხვისი ნათქვამის შესრულების პრობლემა არ მაქვს. მე კიმ მინ-ჯაესავით შემსრულებელი ვარ…
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
