დღეს იტალიაში მნიშვნელოვანი მატჩია — „უდინეზე” „ნაპოლის” მასპინძლობს. „ნაპოლიმ” თუ არ წააგო, ჩემპიონია. ამასთან დაკავშირებით „ილ მატინომ” გაიხსენა 1985 წელი, უდინეს სტადიონი და… დიეგო მარადონას პირველი „ღმერთის ხელი”, უფრო სწორად კი უბრალოდ ხელით გატანილი გოლი, „იმ” დიდი „ღმერთის ხელის” რეპეტიცია. სხვათა შორის, ეს ის პერიოდია, როდესაც „უდინეზეში” არაც მეტი არც ნაკლები ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა ზიკო თამაშობს.
მარადონას პირველი სეზონი „ნაპოლიში” საკმაოდ რთული გამოდგა. კლუბის მეპატრონის კორადო ფერლაინოს რეფორმების მიუხედავად, სეზონის დასაწყისში გუნდი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, ისეთივეში, როგორშიც იყო ერთი წლით ადრე — ცხრილის ფსკერთან ახლოს. უკეთესობა პირველ წრეში სწორედ ხსენებული „უდინეზეს” დამარცხებით დაიწყო, მაგრამ ამბავი, რომელსაც ნეაპოლური გაზეთი იგონებს, „სან პაოლოზე” (დღევანდელ „დიეგო მარადონაზე”) კი არა, მეორე წრეში, „სტადიო ფრიულიზე” მოხდა. იდგა 1985 წლის 12 მაისი, იმართებოდა ბოლოსწინა ტური, როდესაც მსაჯმა ჯანფრანკო პირანდოლამ 88-ე წუთზე ვერ შეამჩნია, რომ მარადონამ მასპინძელთა კარში გოლი ხელით გაიტანა (2:2).
გაცეცხლებული ზიკო არგენტინელს მივარდა და უთხრა: „შენ თუ პატიოსანი ადამიანი ხარ, უთხარი მსაჯს, რომ გოლი ხელით გაიტანე”. მარადონამ პასუხად სახეში შესცინა ბრაზილიელს: „მე ვარ დიეგო მარადონა, მაგრამ პატიოსანი ადამიანი არ ვარ”.
ასეთმა პასუხმა ზიკო კიდევ უფრო გამოიყვანა წყობიდან. მან გასახდელში დებოში მოაწყო, რამდენიმე დღის შემდეგ კი შეიტყო, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ექვსთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. გაწბილებულმა ბრაზილიელმა იტალია დატოვა, მარადონასთვის და „ნაპოლისთვის” კი დიდი პერიოდი დაიწყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 09:37ინფანტინოს გეგმას ტრამპის სიძემდე მივყავართ
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 08:41სჭირდება თუ არა კვარას მზის სათვალე?
მთავარი ამბავი30/07/2026 | 07:53მამარდას მეორე ამხანაგური აშშ-ში
სიახლეები29/07/2026 | 11:17როგორ უნდა გაყიდოს ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატი?
