პოგბას სიმღერა და თოვლში გრიალი

Home აქეთურ-იქითური პოგბას სიმღერა და თოვლში გრიალი
პოგბას სიმღერა და თოვლში გრიალი

პოლ პოგბა ზაფხულში „იუვენტუსში” დაბრუნდა, მაგრამ მოედანზე ჯერ ფეხი არ შეუდგამს. სულ ახლახან ის ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ სავარაუდოდ, სერია A-ს ჩემპიონატი რომ განახლდება, შემადგენლობაში ერთხანს კიდევ არ გამოჩნდება. და აი, ასეთ დროს ფრანგმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში გამოფინა ფოტოები, სადაც ზამთრის კურორტზეა და ნებივრობს. გასაგებია, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი არსად გაპარულა, მან საშობაო დასვენების დღეებით ისარგებლა, მაგრამ მისმა უდარდელობამ „ბებერი ქალბატონის” გულშემატკივარი აშკარად გააღიზიანა.

ზაფხულში 29 წლის ვარსკვლავს ტურინში დიდი ენთუზიაზმით შეეგებენ. შემდეგ, ფრანგს აშშ-ში ტურის დროს ტრავმა გაუმიზეზდა, მაგრამ მკურნალობას დაუყოვნებლივ და სერიოზულად არ შეუდგა. შემდეგი ნაბიჯი ეგრეთწოდებული კონსერვატიული თერაპიის არჩევა გახლდათ, რამაც მისი გამოჯანმრთელების დრო გაწელა, ბოლოს კი მაინც ოპერაცია გაიკეთა რათა ლატერალური მენისკისგან განკურნებულიყო.

როგორც მოგახსენეთ, „იუვენტუსის” გულშემატკივარმა პოგბას თხილამურებზე სრიალი ცუდად მიიღო. სოციალური ქსელები გაივსო უარყოფითი კომენტარებით: „წადი, ივარჯიშე, მოთმინების ფიალა ივსება”… „გეხვეწები, ერთი მანდაც დაიმტვერი, რა”… „რამდენი ხანი აპირებ ხელფასის ქურდობას?”

პოგბა „იუვენტუსის” ფეხბურთელებს შორის ყველაზე დიდ ხელფასს იღებს. ის მოედანზე დაბრუნებას იანვრის ბოლოს, „მონცასთან” მიჯრით ორი თამაშის პერიოდში აპირებს. ბედმა ისე ინება, რომ „იუვე” „მონცას” ზედიზედ ორჯერ ხვდება, 20 იანვარს თასზე და 29 იანვარს ჩემპიონატში.

„ბებერ ქალბატონს” თებერვლის შუაში ევროლიგაში „ნანტთან” უწევს თამაში და ელიან, რომ ფრანგი ამ დროისთვის საუკეთესო ფორმაში იქნება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.