35 წლის ბელგიელი ცენტრალური მცველი, „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ბენფიკას” ყოფილი ფეხბურთელი, დღეს „ანდერლეხტის” წევრი იან ვერტონგენი ამბობს, რომ ყატარის წინააღმდეგ ლაპარაკის ეშინია, რადგან თუ ასე მოიქცევა მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნიან.
ბელგია შეჯიბრებაში დღეს ერთვება, დღის ბოლო შეხვედრაში კანადას მასპინძლობს და ისევე როგორც ინგლისის კაპიტანს ირანთან შეხვედრაში, არც ბელგიელთა კაპიტანს ეკეთება სამკლავური წარწერით OneLove, რაც ლგბტქ+ თემის მხარდაჭერას ნიშნავს. რატომ არ გაიკეთა ჰარი კეინმა ცისარტყელას ფერებიანი სამკლავური აკრძალვის მიუხედავად? პასუხი მარტივია: მას სულ მცირე ყვითელი ბარათით დასჯიდნენ.
კეინმა თამაშის შემდეგ ამ საკითხზე ილაპარაკა და გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს მხარში ვერ დაუდგა.
რაც შეეხებათ ბელგიელებს, ისინიც იძულებულები გახდნენ უარი ეთქვათ ფერად მაისურებზე, რომლებიც მატჩის წინ ჩასაცმელად ჰქონდათ გამზადებული და მეორე ფორმას სიტყვა სიყვარული მოაშორეს. ვერტონგენი ამბობს, რომ ფიფას სანქციების შიშით ცდილობს ამ თემაზე ლაპარაკისგან თავი შეიკავოს.
მცველმა, რომელსაც ბელგიის ნაკრებში 142 შეხვედრა აქვს ჩეტარებული, თქვა: „რთული საკითხია. დღეს ანტიდისკრიმინაციული განცხადებებით გამოსვლა ძალიან დაგვიანებულია. არც კი ვიცი რა ვთქვა. ახლა პროტესტის ნიშნად მოედანზე აკრძალული სამკლავურით გასვლა იმას ნიშნავს, რომ დაგსჯიან.
ხმის ამოღებისგან თავს ვიკავებ. ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვართ და მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. სამწუხაროა, ასეთ რაღაც ფეხბურთში არასდროს მომხდარა. იმედი მაქვს, მეტად აღარც მოხდება. ჩვენ გვაკონტროლებენ. მართალია, პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ მსურს, მაგრამ ჩვეულებრივი ლოზუნგით დატვირთული სამკლავურსაც კი ვერ ვიკეთებთ. მაგალითად: „არა რასიზმს” ან „არა დისკრიმინაციას”.
მეტს აღარაფერს ვიტყვი, რადგან თამაში მინდა. სამწუხაროა, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს. მინდა ეს თემა ამით დავასრულო”.
