ნორჩმა ბორჯღალოსნებმა საქართველოში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სტადიაც იოლად გაიარეს და ფინალში გავიდნენ.
ნახევარფინალების დღე რუსთავში მე-5 ადგილისთვის პირველი ნახევარფინალით გაიხსნა, სადაც საოცარი შედეგი დაფიქსირდა – გერმანიის U18-მა რუმინელებს 27:17 მოუგო. ზოგადად, „არასარაგბო“ გერმენელების მიერ „სარაგბო“ რუმინელების დამარცხება სენსაციად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, მეორე მხრივ, სადაც რუმინეთი ესპანეთთან თავს უფლებას აძლევს 0:102 დამარცხდეს, იქ 5 ოქტომბრის შედეგიც ნორმაა…
მე-5 ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში გერმანელები ნიდერლანდელებს დაუპირისპირდებიან. ამ უკანასკნელებმა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე სტადიონზე ჩეხებს იოლად მოუგეს – 27:5. ჩეხეთის ჭაბუკთა ნაკრები კი გასაცოდავებულ რუმინელებს მე-7 ადგილს შეეცილება.
მომდევნო მატჩი რუსთავში გაიმართა და პირველი ფინალისტის ვინაობაც იქ გაირკვა. პორტუგალიამ დაძაბულ და თვალსასეირო ჯახში ესპანეთს 24:21 აჯობა და ჩემპიონობისთვის უკვე ქართველებთან იბრძოლებს.
ზურაბ ამონაშვილის რაზმმა კი ოთხშაბათი პლატოზე დიდებული თამაშითა და ლელოების მრავალფეროვანი სიუხვით დააგვირგვინა. 86:0 – ეს ანგარიში ასტრონომიულად კი გვეჩვენება, მაგრამ 18-წლამდელ ქართველებსა და ბელგიელებს შორის არსებული სხვაობა გაცილებით მეტია, ვიდრე დაფიქსირებული ანგარიში. კვლავ გვიწევს იმის კონსტატირება, რომ ასეთი შეხვედრებიდან სარგებელს მხოლოდ სუსტი იღებს…
ტურნირი კვირას, 9 ოქტომბერს დასრუდება. როგორც ზემოთ ითქვა, მე-7 ადგილისთვის ერთმანეთს ჩეხეთი და რუმინეთი შეერკინებიან, მე-5 ადგილს გერმანია და ნიდერლანდები გაითამაშებენ, მესამე საპრიზო ადგილისთვის ესპანეთი და ბელგია შეებმებიან ერთმანეთს,
პირველობის გვირგვინი კი ფინალი იქნება, სადაც საქარველოს 18-წლამდელთა ნაკრები ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად პორტუგალიელი თანატოლების დამარცხებას ეცდება. დიდი ალბათობით ასეც მოხდება.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
