რონალდუ და მესი ასეულშიც ვერ მოხვდნენ

Home კატეგორიის გარეშე რონალდუ და მესი ასეულშიც ვერ მოხვდნენ
რონალდუ და მესი ასეულშიც ვერ მოხვდნენ
Pedri has dropped a major hint as to what he wants his next shirt number at Barcelona to be - Football España
პედრი

გამოქვეყნდა მსოფლიოს ასი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სია, რომელშიც ვერც კრიშტიანუ რონალდუ მოხვდა და ვერც ლეო მესი.

ამპარტავანი ინგლისელები კი ჩივიან, რომ ოცდაათეულში მათი ნაკრების კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი ჰარი კეინი არ არის.

სიის შედგენაზე სპორტის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის (CIES) თანამშრომლები მუშაობდნენ. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნეუშატელში მდებარეობს. აქ, 100 ყველაზე ფასეული ფეხბურთელის გამოსაკვლევად ბევრ მონაცემს მოუყარეს თავი.

CIES-ის კვლევის თანახმად მსოფლიოს უძვირესი მოთამაშე საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპეა. მან პარიზის კლუბთან ახალ ხელშეკრულებას ორიოდ დღის წინ მოაწერა ხელი. მანამდე ყველა დარწმუნებული იყო, რომ მბაპე „რეალში” გადადიოდა.

მბაპეს სატრანსფერო ფასი 205,6 მილიონ ევროს უტოლდება.

ფრანგს მოსდევს მადრიდელთა ბრაზილიელი ფორვარდი ვინისიუს ჟუნიორი. მისი ფასი 185,3 მილიონი ევროა. 21 წლის ვინისიუსი ის ფეხბურთელი გახლავთ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ფინალში ერთადერთი გოლი გაიტანა და „თეთრები” ჩემპიონთა თასზე/ლიგაში მეთოთხმეტე ტრიუმფამდე მიიყვანა.

მესამე ადგილზე კი „მანჩესტერ სიტის” ახალი შენაძენი, ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდია. ის 152,6 მილიონი ევრო ღირს, რაც 92 მილიონი ევროთი მეტია იმ თანხაზე, რომელიც მის სანაცვლოდ პრემიერლიგის ჩემპიონმა „დორტმუნდს” გადაუხადა.

მეკარეთა შორის ყველაზე ძვირად „პარი სენ ჟერმენის” იტალიელი გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა ფასობს — 73,7 მილიონი ევრო.

ცენტრალური მცველებიდან ყველაზე ძვირი „მანჩესტერ სიტის” რუბენ დიასია — 109,6 მილიონი ევრო.

განაპირა მცველების სიას სათავეში ლივერპულელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი უდგას — 87,4 მილიონი გირვანქა.

ყველაზე ძვირი ჩამშლელი ნახევარმცველი არის „ბარსელონას” 19 წლის მოთამაშე პედრი (135,1 მილიონი ევრო), ხოლო შემტევ ნახევარმცველთა შორის სხვებზე მეტი მისი თანატოლი, „ბაიერნის” ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა (105,3 მილიონი ევრო) ღირს.

და კიდევ ერთი: ხუთი ტოპ-ლიგის მიღმა სამყაროდან ასეულში მხოლოდ ოთხი(!) კაცია: ურუგვაელი დარვინ ნუნიესი და პორტუგალიელი მათეუს ნუნიეში პორტუგალიის ლიგიდან, ხულიან ალვარესი რომელიც არგენტინელია და არგენტინაშივე, კერძოდ „რივერ პლეიტში” თამაშობს და  ბრაზილიელი ანტონი სანტუში, „აიაქსიდან”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.