2026 წლამდე მოაწერა ხელი

Home კატეგორიის გარეშე 2026 წლამდე მოაწერა ხელი
2026 წლამდე მოაწერა ხელი

Klopp has revealed he intends to leave the club in 2024იურგენ კლოპმა „ლივერპულთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. გერმანელი „ენფილდზე” 2026 წლამდე დარჩება.

აქამდე კლოპი ამბობდა, რომ 2024 წელს, როდესაც მისი წინა ხელშეკრულების ვადა ამოიწურებოდა, ის „წითლებს” დატოვებდა, მაგრამ თანამშრომლობა ორი წლით გადაავადა. 2026 წლამდე გაუხანგრძლივეს კონტრაქტები მის ასისტენტებს პეპინ ლინდერსსა და პეტერ კრავიცსაც.

კლოპმა საკლუბო მედიას უთხრა: „ჩემი გრძნობების აღსაწერად უამრავი სიტყვის მოხმობა შეიძლება: მე ვარ აღტაცებული, უმორჩილესად მადლობელი, დალოცვილი, პრივილიგირებული, აღელვებული… ლივერპულში უამრავი რამ მიყვარს. აქაურობის შესახებ ჩამოსვლამდეც ბევრი რამ ვიცოდი, რომ ჩამოვედი კიდევ უფრო ბევრი გავიგე და ახლა ხომ ვიცი და ვიცი.

სანამ კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებდი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ჩემი დარჩენა „ლივერპულისთვის” თუ იქნება სწორი? ამ საკითხზე ასისტენტებთან, პეპინ ლინდერსსა და პეტერ კრავიცთან ერთად ვიმსჯელე და დავასკვენით, რომ ღირდა.

როდესაც კლუბის მეპატრონეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივება შემომთავაზეს, მე საჯაროდ დავიწყე განსჯა იმაზე, კიდევ მაქვს თუ არა იმდენი ენერგია და ის განწყობა, ამ მშვენიერ კლუბს რომ სჭირდება. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ კითხვას პასუხი მალე გავეცი და ის მარტივი იყო: მე აქაურობა მიყვარს და აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ”.

„ლივერპულის” მეპატრონე გახლავთ Fenway Sports Group, რომელმაც როგორც კი შეატყო, რომ გერმანელი დარჩენაზე ყაბულს იყო, შანსი ხელიდან არ გაუშვა და თანამშრომლობაზე ხელი მოაწერინა.

Fenway Sports Group-ის პრეზიდენტი მაიკ გორდონი ორიოდ დღის წინ „ლივერპულისა” და „ვილიარეალის” შეხვედრას ესწრებოდა. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მერსისაიდელებმა ესპანელებს 2:0 მოუგეს.  შეხვედრას ესწრებოდა კლოპის აგენტი მარკ კოშიცკიც. „ლივერპულის” ეფექტურმა თამაშმა ისედაც გადაწყვეტილ საქმეს საბოლოო წერტილი დაუსვა.

იურგენ კლოპი „ლივერპულში” 2015 წელს გადავიდა და მას მერე ორჯერ გაახანგრძლივა ხელშეკრულება. მისი ხელმძღვანელობით სკაუსერებმა 2019 წელს ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვეს. ეს იყო გუნდის მეექვსე ჩემპიონთა თასი(ლიგა). ფინალში კლოპის გუნდმა „ტოტენჰემ ჰოთსპურს” მოუგო 2:0.

შემდეგ „წითლებმა” მოიგეს ევროპის სუპერთასი და კლუბთა მსოფლიო თასი, 2020 წელს კი გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. მათ ეს ტიტული 1990 წლის შემდეგ არ ჰქონდათ მოგებული.

მიმდინარე სეზონში „ლივერპულმა” უკვე მოიპოვა ლიგის ანუ „კარაბაოს” თასი; ფეხბურთის ასოციაციის თასზე ფინალშია გასული; იბრძვის პრემიერლიგის ჩემპიონობისა და ჩემპიონთა ლიგისთვის.

ცნობილი გახდა, რომ ახალი ხელშეკრულების თანახმად კლოპის ხელფასი გახდება წელიწადში 16 მილიონი გირვანქა. ეს იმას ნიშნავს, რომ კლოპზე მეტ ჯამაგირს ინგლისში მხოლოდ „მანჩესტერ სიტის” თავკაცი პეპ გვარდიოლა აიღებს; თანამემამულეს, „ჩელსის” მწვრთნელ თომას ტუხელს კი „დორტმუნდის” ყოფილი დამრიგებელი შემოსავლით ორჯერ გაასწრებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.