ჩვენი ბადრი კეთილაძე უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. როგორი ფოტოგრაფი იყო ბადრი, მისი გადაღებული კადრების ნახვა უმალ მიგახვედრებთ, აქ კი გვინდა უცხო თვალისთვის უჩინარი ბადრი კეთილაძე გავიხსენოთ და თქვენც გაგაცნოთ. ბადრი, ისეთი, როგორიც იყო…
ერთხელ… არა, ერთხელ კი არა, არაერთხელ, მაგრამ ერთ-ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას ვიხსენებ. მატჩიდან დაბრუნებულ ბადრის რედაქციაში სინათლე არ დახვდა. რატომღაც, მიზეზს ვერ ვიხსენებ, სარედაქციო გენერატორიც ვერ მუშაობდა სრული დატვირთვით. არადა ნომერი უკვე მზად არის და მხოლოდ ფოტოებს ელოდება. აშკარა ცაიტნოტია!
ბადრიამ, არც მეტი არც ნაკლები, სადმე ცეცხლი უნდა დავანთოთ გაშრობა რომ მოესწროს, თორემ ფოტოების გარეშე მოგვიწევს გაზეთის სტამბაში წაღებაო…
ჩვენ, საბედნიეროდ, ყველა ერთი ჭკუისანი ვიყავით და ბევრი აღარ გვიფიქრია. ყველაზე დიდ ოთახში (უსაფრთხოების ზომები მეტ-ნაკლებად მაინც რომ დაგვეცვა) კაი ჭიაკოკონა ავაგიზგიზეთ და მეორე დილას მკითხველმა, ბუნებრივია, ბადრი კეთილაძის ფოტოებიანი გაზეთი იხილა!
ამ ისტორიაში სახალისო ისიც არის, რომ ამ ყველაფერს ორი გერმანელი სტუმარი შეესწრო. მათთვის ეს პროცედურა იმდენად შთამბეჭდავი თავგადასავალი გამოდგა, რომ დღემდე იხსენებენ იმ ღამეს. რა დრო იყო იცით, ჩვენს გერმანელ სტუმრებს, სტრესის მოსახსნელად და გასახალისებლად, თითო 1 000 000 კუპონიანი კუპიურა ვუსახსოვრეთ… მერე ხუმრობდნენ, ერთ ღამეში მილიონერები გავხდითო!!!

ბადრი კეთილაძის ფოტო
ავტორის პროფილი
- გაზეთ „სარბიელის" დამფუძნებელი, გამომცემელი და პირველი რედაქტორი
უახლესი პოსტები
დავთარი29/08/2025 | 21:18გული
დავთარი15/04/2024 | 16:01სამშობლო !!!
დავთარი01/04/2024 | 14:42გაამოთ !!!
დავთარი26/03/2024 | 12:35უფალი დიდია, აღდგომა და ხვალეო!
