„კარაბაოს“ თასის ნახევარფინალში „ლივერპული“ 66 წუთის განმავლობაში რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, თან შინ, მაგრამ „არსენალს“ ვერ მოუგო — 0:0. იურგენ კლოპის გუნდმა ვერაფერი მოუხერხა შეუვალ „მეთოფეებს“, რომელთაც პირველ ტაიმში გრანიტ ჯაკა გაუგდეს პირდაპირი წითლით დიოგო ჟოტას წინააღმდეგ სულელური უხეშობის გამო. ეს ჯაკას მეხუთე გაძევება იყო „მეთოფეების“ მაისურით.
მთავარი, რაც ამ შეხვედრის მიმოხილვისას უნდა ვთქვათ არის ის, რომ ლონდონელებმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშეს — ჩაწვნენ და კარი დაიცვეს.
ახლა, მიკელ არტეტას გუნდს მომდევნო ხუთშაბათს „ემირეიტზე“ აქვს საპასუხო თამაში და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მცირე უპირატესობას ფლობს.
წესითა და რიგით გუშინდელი მატჩი საპასუხო უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ინგლისური პრესა წერს მერსისაიდელებმა იეშმაკეს, გამოაცხადეს გუნდში 40 კოვიდ-დადებითი გვყავსო და ორგანიზატორებს თამაში გადაადებინეს.
საინტერესოა, რომ „ლივერპული“ ინგლისის ამა თუ იმ თასის ნახევარფინალში აგერ უკვე ხუთი წელიწადია არ გასულა. მართალია, კლოპს აფრიკის ერთა თასზე გაშვებული მო სალაჰი და სადიო მანე აკლდნენ, მან გერმანელმა მაინც ძლიერი შემადგენლობა ათამაშა.
„წითლების“ კარს იცავდა ალისონი, რომელიც მას მერე, რაც 2018 წელს „რომადან“ „ენფილდზე“ გადაბარგდა, ლიგის თასზე პირველად თამაშობდა.
ბრაზილიელს წყნარი საღამო ჰქონდა, თუმცა დიდი ჯაფა არც მის კოლეგას, მოედნის გადაღმა კარში მდგომ არონ რამსდეილს დადგომია. ვიმეორებთ, ასე იყო მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელები კაცით მეტნი იყვნენ მოედანზე.
90-ე წუთზე ლივერპულელმა ტიკი მინამინომ აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ეტყობა, კლოპის გუნდი მაინც ძალიან არის დამოკიდებული მანესა და სალაჰზე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 09:37ინფანტინოს გეგმას ტრამპის სიძემდე მივყავართ
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 08:41სჭირდება თუ არა კვარას მზის სათვალე?
