ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ის წინ, ბოლო მოსამზადებელი თამაში, რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ნაკრების მიერ სტუმრად (2:1) დამარცხებულ რუმინეთს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი მარკუს რეშფორდმა პენალტით გაიტანა.
23 წლის და 218 დღის რეშფორდი ისტორიის წიგნში შევიდა. ახლა ის არის ინგლისელთა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი. აქამდე მაიკლ ოუენი იყო, რომელმაც გუნდს პირველად 2003-ში სლოვაკეთთან უკაპიტნა. ორივე რეკორდი მიდლსბროში, „რივერსაიდზე” დამყარდა.
რეშფორდმა 68-ე წუთზე გაიტანა. პენალტი ტიბერიუ კაპუშას მიერ ჯეკ გრილიშის წაქცევის გამო დაინიშნა.
ამ შეხვედრაში იყო კიდევ ერთი პენალტი, რომელიც ასევე ინგლისელებმა დაარტყეს. ის ჯორდან ჰენდერსონმა ვერ გაიტანა. ჰენდერსონი თებერვლის შემდეგ პირველად თამაშობდა.
ინგლისურ პრესაში წერენ, კაპიტნობა და გატანილი პენალტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ რეშფორდი კვირას, ხორვატიასთან ანუ უკვე ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იქნებაო. სტატისტიკა ამბობს, რომ 2019 წლის ნოემბრის შემდეგ, რეშფორდმა, ტრავმების გამო, ნაკრების 13 მატჩიდან მხოლოდ ორში მიიღო მონაწილეობა.
კიდევ, ბრიტანულ მედიაში ამბობენ, რომ რუმინელებთან შეხვედრის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარია, რომ ფეხბურთელთაგან არავინ დაშავდაო.
საყურადღებოა, რომ სასტარტო შემადგენლობის სამი ფეხბურთელი, ბენ უაითი, ბენ გოდფრი და ჯეიმს უორდ პრაუსი გარეთ საუთგეიტს ევროპაზე წასაყვანთა 26 კაციან სიაში საერთოდ არ ჰყავს.
ინგლისელები ხარობენ, რომ საუთგეიტმა მათი გუნდის მთავარი თავდამსხმელი ჰარი კეინი არ ათამაშა. ამ დღეს კეინის სათუთად შეფუთვა და სადმე დამალვა ყველაფერს სჯობდაო. უნებლიედ ჩნდება კითხვა: საერთოდ რა აზრი ჰქონდა თამაშს?
საზოგადოების ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმაც, რომ თამაშის წინ რუმინეთის ნაკრების სამმა ფეხბურთელმა „შავი სიცოცხლე ფასეულია”-ს ფარგლებში, მუხლი არ მოიყარა.
სტადიონზე მისული მიდლსბროელი მაყურებლის ნაწილი კი თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და ფეხბურთელებს უსტვინა. „სანში” მათ იდიოტები უწოდეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი03/06/2026 | 09:02იანის ჰაჯი: საქართველოსთან ფრით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ…
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
