„ტოტენჰემ ჰოთსპური” უმალ ანტონიო კონტეს დანიშნავს ახალ მწვრთნელად, ვიდრე ყოფილ თავკაც მაურისიო პოჩეტინოს, რომელსაც ვერაფრით მიუდგა, ყრუ კედელს გადააწყდა.
„დეზების” თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ, არგენტინელის „პარი სენ ჟერმენისგან” გამოსახსნელად ყველა ღონეს მიმართა, მაგრამ მიხვდა, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, სეზონისწინა შეკრებამდე კი თვეზე ნაკლები დარჩა. შესაბამისად, არჩევანი ანტონიო კონტეზე შეჩერდება.
როგორც ინგლისური პრესა იუწყება, აპრილში გაშვებული ჟოზე მოურინიუს შემცვლელის მოსაყვანად ლევის ბევრი დრო აღარ დარჩა. ერთ კვირაში „სფურზს” ახალი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს.
იმასაც წერენ, რომ „ტოტენჰემის” შეფს პოჩეტინოს გადასაბირებლად ბოლო ცდისთვისაც მიუმართავს. ვითომცდა, ამ დღეებში რამე თუ გამოვიდა, ხო კარგი, თუ არა და არგენტინელზე ოცნებას თავი უნდა დაანებოსო, მაგრამ ასე მალე საეჭვოა რამე გაიკვაჭოს. „პარი სენ ჟერმენი” რამდენიმე თვის წინ დანიშნული პოჩეტინოთი შეიძლება უკმაყოფილოა, მაგრამ სანამ შემცვლელს არ იპოვის, მისი არსად გამშვები არ არის. შემცვლელად კი პარიზელებს, როგორც ამბობენ, ან ზინედინ ზიდანი უნდათ ან დიდიე დეშამი, რომელიც ჯერჯერობით ევროპის ჩემპიონატით არის დაკავებული.
ანტონიო კონტემ კი, მოგეხსენებათ, „ინტერი” იტალიის ჩემპიონი გახადა და კლუბიდან წავიდა. ამბობენ, რომ მას „სფურზის” ვარიანტი ძალიან მოსწონს.
პოჩეტინოს ხელში „ტოტენჰემ ჰოთსფური” რეგულარულად ტრიალებდა პრემიერლიგის ტოპ-ოთხეულში და 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.
თავის მხრივ, კონტეს ინგლისში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2016 წელს „ჩელსის” ჩაუდგა სათავეში. პირველ სეზონში იტალიელის ხელმძღვანელობით დასავლეთლონდონელები პრემიერლიგის ჩემპიონები გახდნენ, მეორე სეზონში კი ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგეს.
იტალიური პრესა წერს, რომ დენიელ ლევის კონტეს გარდა სამსახურში „იუვენტუსის” ყოფილი სპორტული დირექტორის, ფაბიო პატრიჩის აყვანაც უნდა. პატრიჩისა და კონტეს ერთად მუშაობის გამოცდილება აქვთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
მთავარი ამბავი29/05/2026 | 07:41მესი და ოცდახუთი
