„ბორნმუთის” ფეხბურთელები ჯერ გაოცდნენ, შემდეგ კი გაბრაზდნენ. მიზეზი: კლუბის აღმასრულებელი შეფის ნილ ბლეიკის ცოლმა ალესიამ ქმრის საშობაო საჩუქარი გამოამზეურა. არადა, მსოფლიოში covid 19 მძვინვარებს, რის გამოც ბორნმუთელ მოთამაშეებს ხელფასები შეუმცირეს.
საჩუქარი, რომელიც რუსმა ლამაზმანმა გაასაჯაროვა, 140 ათას გირვანქად ღირებული „ბენტლია”, პერსონალურად მისთვის შერჩეული სახელმწიფო ნომრით.
ეს საკითხი გუნდში „ნოტინგემ ფორესტთან” თამაშის წინ განხილვის საგანი ყოფილა.
პირველი, ვინც „ბორნმუთის” წევრთაგან ხელფასი შეიმცირა გუნდის წინა მწვრთნელი ედი ჰოუ იყო. ეს მოხდა აპრილში, პანდემიის პირველი ტალღის დროს. მაშინვე „ალუბლების” უფროსობამ სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებს დაუარა და სულ მცირე სამი კვირით მაინც დასვა უმუშევრად.
ხელფასები შეიმცირეს ჯეისონ ტინდელმა, რომელიც მაშინ მწვრთნელის ასისტენტი იყო, მერე კი მწვრთნელი გახდა; ტექნიკურმა დირექტორმა რიჩარდ ჰიუზმა და ასე განსაჯეთ თავად ნილ ბლეიკმა. მათ მიბაძეს ფეხბურთელებმაც.
გასულ სეზონში „ბორნმუთი” მაინც გავარდა პრემიერლიგიდან, თუმცა ახლა კარგად თამაშობს და არ არის გამორიცხული კვლავ დაბრუნდეს ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე.
და ბოლოს, ზემოთ რუსი ვახსენეთ და იმასაც დავძენთ, რომ კლუბის მთავარი მეწილე ანუ ფაქტობრივი მეპატრონე გახლავთ 51 წლის ნაკლებად ცნობილი ბიზნესმენი მაქსიმ დიომინი, რომელსაც „ტატნეფტში” (რუსეთში, თათარსტანის რესპუბლიკაში ფესვგადგმული ნავთობის კომპანიაა) ურევია ხელი. მან „ბორნმუთის” აქციები 2011 წელს შეიძნა. შემდეგ, ინგლისის საზღვაო კურორტ სენდბენქსში 5 მილიონ გირვანქად მდიდრული, ძველებური სახლი იყიდა, დაანგრევინა და მის ადგილზე თანამედროვე აგარაკი წამოჭიმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
