მისამართი შეიცვალა…

Home აქეთურ-იქითური მისამართი შეიცვალა…
მისამართი შეიცვალა…
წუხელ, რეიკიავიკში გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ნიდერლანდებთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან ითამაშებს. ორი მატჩი ბუქარესტში გაიმართება, ერთიც ამსტერდამში, ნიდერნალდებთან.
და რა შუაშია რეიკიავიკი?
სწორედ ისლანდიაში დათმო თავის საფლეიოფო მატჩი რუმინეთის ნაკრებმა, რომლის შედეგზეც იყო დამოკიდებული C და F ჯგუფებში მეოთხე გუნდების ვინაობა.
რუმინეთი, ცხადია, წარმატების შემთხვევაში, ბუქარესტის 55-ათასიან „არენა ნაციონალზე“ ითამაშებდა, D ლიგის გამარჯვებული (საქართველო ან მაკედონია) კი გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალიის ქვეჯგუფში წავიდოდა და სამიდან ორ მატჩს მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ითამაშებდა.
რუმინეთმა ისლანდიაში 1:2 დათმო და ევროპის ჩემპიონატს იქვე დაემშვიდობა. ისლანდია კი უნგრეთში გაარკვევს კონტინენტის პირველობაზე გამსვლელისა და შესაბამისად, F ჯგუფის მეოთხე გუნდის ვინაობას.
მოკლედ, უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო ჩრდ. მაკედონიის დამარცხების შემთხვევაში 13 ივნისს ბუქარესტში, ავსტრიას შეხვდება; 17 – ში იქვე, უკრაინას დაუპირისპირდება; 21 ივნისს კი ამსტერდამში, „იოჰან კრუიფ არენაზე“ ნიდერლანდელებთან ითამაშებს..
ოღონდ იქამდე, ერთხელაც ვთქვათ, 12 ნოემბერს ჩვენებმა „დინამო არენაზე“ მაკედონიას უნდა აჯობონ.

ავტორის პროფილი

კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.